დღეს დილით ქაბულის დიპლომატიურ კვარტალში, გერმანიის საელჩოს მახლობლად, მძლავრი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 80 ადამიანი და დაშავებულია 300-მდე, დაშავებულებს შორის არიან გერმანიის საელჩოს თანამშრომლები, სავარაუდოდ, მსხვერპლი გაიზრდება. აფეთქება გერმანიის საელჩოსგან 300 მეტრის მოშორებით მოხდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელ სიგმარის განცხადებით, "ტერორისტული აქტის სამიზნეს წარმოადგენდა სამოქალაქო და ის სამხედრო პირები, რომლებიც ავღანეთში ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუშაობენ". მისივე განცხადებით, ამ დროისთვის საელჩოს ყველა თანამშრომელი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. დიპლომატიური კვარტალი ამ დროისთვის ევაკუირებულია და გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.