აქციების ღირებულების კლების ფონზე, ელექტრონული კომერციის ლიდერი Amazon 10 000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. შემცირება, ძირითადად, ხმოვანი დამხმარეს, Alexa-ს განყოფილებას შეეხება.

მიუხედავად იმისა რომ 10 000 ადამიანი 1,5 მლნ-იანი გუნდისთვის 1%-ზე ნაკლებია, შემცირება რაოდენობრივად კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება.

Amazon არც პირველი ტექნოლოგიური კომპანიაა და შესაძლოა არც უკანასკნელი, რომელიც მიმდინარე ფინანსური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ საშუალებად მასშტაბურ შემცირებას განიხილავს. ტექნოლოგიურმა გიგანტების კაპიტალიზაცია იანვარ-ოქტომბერში ჯამში $4 ტრილიონზე მეტით შემცირდა.

ყველაზე დიდი ცვლილებები Twitter-ზეა, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ილონ მასკმა შეიძინა, რასაც პერსონალის 50%-ის დათხოვნა მოჰყვა. Facebook-ის მშობელ კომპანია Meta-ში კი განაცხადეს რომ პერსონალს 13%-ით შეამცირებდნენ.

პანდემიის დროს მსოფლიო მასშტაბით მილიონობით სამუშაო ადგილი დაიკარგა, თუმცა ტექნოლოგიურ კომპანიებში პირიქით — დაქირავებულთა რაოდენობა 20%-ით გაზარდეს.

Amazon-ისა და Tesla-ს კაპიტალიზაცია რამდენიმე თვის წინ 13-ნიშნიანი მაჩვენებლით გამოისახებოდა, ახლა 12-ნიშნიანი ჩანაწერიც საკმარისია. მართალია Amazon ონლაინ გაყიდვებში პირველობას არ თმობს, მაგრამ ის ასევე გახდა პირველი კომპანია, რომლის ღირებულებაც ერთ წელიწადში $1 ტრილიონით შემცირდა.

Amazon-ის ერთი აქცია გასული წლის ნოემბერში $185 ღირდა, მიმდინარე წლის იანვარში — $170, მინიმუმს — $86-ს 9 ნოემბერს გაუტოლდა, 1 დეკემბრის მდგომარეობით კი ფასი $97-ს შეადგენს.

Amazon 1994 წელს ჯეფ ბეზოსმა დააარსა და თავიდან მხოლოდ წიგნებს ჰყიდდა. მეოთხედი საუკუნის წინ — 1997 წლის პირველ კვარტალში Amazon-ზე სულ $20 მლნ-ის პროდუქცია გაიყიდა, 2022 წლის პირველ კვარტალში კი $121 მილიარდის, ანუ 6000-ჯერ მეტის. ზრდა ახლაც გრძელდება, ოღონდ შედარებით შენელებული ტემპით.

თუ 2021 წლის პირველ ნახევარში 2020 წელთან შედარებით გაყიდვები 35%-ით $164 მილიარდიდან $222 მილიარდამდე გაიზარდა, 2022 წლის პირველ ნახევარში ზრდის ტემპი 12%-მდე შემცირდა და გაყიდვებმა $248 მილიარდი შეადგინა. ზრდის ტემპის შემცირებაში გარკვეული წვლილი კოვიდრეგულაციების დასრულებამაც შეიტანა. გარკვეული პრობლემების მიუხედავად, წლის ბოლომდე 12%-იანი ზრდის შენარჩუნების შემთხვევაში გაყიდვები პირველად $500 მილიარდიან ზღვარს გადალახავს.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.