18 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განვითარების კვლევებში თემაზე: "მდგრადი განვითარება: ინიციატივები, გადაწყვეტილებები, ღონისძიებები კეთილდღეობის ზრდისთვის".

ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

"მოგეხსნებათ, სახელმწიფო დონეზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, რომლებიც ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხმიანება. მდგრადი განვითარების სტანდარტების დანერგვის პროცესში ჩვენი უნივერსიტეტი არის პირველი, რომელმაც ამ მიმართულებით სასწავლო კურიკულუმში შესაბამისი თეორიული თუ პრაქტიკული კომპონენტები დაამატა და სამეცნიერო საქმიანობას განვითარების კვლევების ინსტიტუტის ეგიდით ახორციელებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული კონფერენცია კი, ინფორმაციისა და ცოდნის ურთიერთგაზიარების საუკეთესო საშუალებაა, რაც ხელს შეუწყობს ახალი ინიციატივების წინ წამოწევასა და ინოვაციური პროექტების ინიცირებას. ეს კი, გლობალურად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა შეუძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე" — თამთა მიქაბერიძე, საბაუნის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.

ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

კონფერენციას დაესწრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. მისი განმარტებით, მდგრადი განვითარების მიზნები გაეროს ყველა წევრი ქვეყნისთვის მათ შორის კი, საქართველოსთვის, თანაბრად მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომაც შემუშავდა მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგია. მისი აღსრულების, ისევე როგორც შემუშავების ეტაპზე კი, სამეცნიერო, აკადემიური პერსონალის როლი განუსაზღვრელია.

ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

"როდესაც მსგავსი საკითხების განხილვა საუნივერსიტეტო სივრცეში ხდება, ეს უკვე ძალიან დიდი განაცხადია უნივერსიტეტის მხრიდან. მოგეხსენებათ, კვლევების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გარეშე, ვერ მიიღწევა მწვანე ეკონომიკის შედეგები და ვერ განხორციელდება მდგრადი განვითარების მიზნები. შესაბამისად, სამეცნიერო პერსონალის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში მეტად საგულისხმო და კრიტიკულად მნიშვნელოვანია", — აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა და მონაწილეობა 10-მდე უცხოური უნივერსიტეტის პროფესორმა და ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს.