ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში კატარის სტადიონებზე ლუდის გაყიდვა აიკრძალა. მართალია, შუა აღმოსავლეთის ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარება ისედაც მკაცრად კონტროლდება, თუმცა, თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ლუდის რეალიზებას სტადიონებზე საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში დაუშვებდნენ. მოგვიანებით, ჩემპიონატის ორგანიზატორმა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) გადაწყვეტილება შეცვალა.

გადაწყვეტილების საფუძველი თავად კატარის ხელისუფლების მოთხოვნები გახდა. ამ საკითხზე მსჯელობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი, ქვეყანაში გადაწყვიტეს, რომ ჩემპიონატის ფარგლებში გულშემატკივრებს სტადიონებზე მხოლოდ არაალკოჰოლური სასმელებით გაუმასპინძლდებიან.

ლუდის აკრძალვის გადაწყვეტილება წლევანდელ ჩემპიონატზე მომხდარი ერთ-ერთი მთავარი ცვლილებაა. მით უმეტეს, რომ FIFA-ის მსხვილი სპონსორი Budweiser სწორედ ლუდის მწარმოებელი კომპანიაა და მსოფლიო თასზე ამ ალკოჰოლური სასმლის გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებასაც ფლობს.

FIFA-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ალკოჰოლური სასმელების რეალიზება ფან-ფესტივალისთვის გამოყოფილ ადგილას კვლავ ნებადართულია, თუმცა, ლუდის გაყიდვის პუნქტები ჩემპიონატის სტადიონების პერიმეტრზე აღარ იქნება.

სხვათა შორის, გადაწყვეტილებას Budweiser-იც გამოეხმაურა და ტვიტერზე დაწერა, "რა უხერხულიაო". მოგვიანებით, კომპანიამ ტვიტი წაშალა.

ფოტო: Shutterstock

იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების შესახებ ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე გახდა ცნობილი, ფეხბურთის გულშემატკივართა ასოციაცია FSA ორგანიზატორებს აკრიტიკებს.

"თუკი ასე მოულოდნელად იცვლიან აზრს და თანაც, ახსნის გარეშე, გულშემატკივრებს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდებათ, რამდენად იქნება მოგვარებული სხვა საორგანიზაციო საკითხები, როგორიცაა საცხოვრებლითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა", — აცხადებს ასოციაცია.

აღსანიშნავია, რომ ლუდის გაყიდვა ერთადერთი საკითხი არაა, რომელმაც წლევანდელ მუნდიალზე პრობლემა შექმნა. თვეების განმავლობაში ფეხბურთის ფანები, სპორტსმენები და სხვა ჯგუფები აქტიურად განიხილავდნენ და აკრიტიკებდნენ კატარის შიდა პოლიტიკას და მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას სახელმწიფოში. ამის გამო, აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა ჩემპიონატისთვის ლოგოც შეცვალა და ის ლგბტქ დროშის ფერებში გამოსახა.