სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა სენატორების შეფასებების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა და ფიქრობს, რომ არის დრო, რომ გადაიხედოს სტრატეგიას საქართველოზე.

  • ასევე, სენატორმა კარდინმა განაცხადა, რომ მათ დაინახეს მნიშვნელოვანი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით. მისი აზრით, ამიტომ განასხვავა ევროკავშირმა საქართველო მოლდოვასა და უკრაინისგან, რაც მიუთითებს იმას, რომ უკუსვლას ევროკავშირიც ხედავს.
  • სენატორ კარენ დანფრიდის თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მიაღწია პროგრესს და სწორედ ამ პროგრესზე იყო დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა რასაც ბოლო პერიოდში ხედავენ შემაშფოთებელია.მისი აზრით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.

დეტალები: 3 პარტიის განცხადებით, ქართული ოცნება ღალატობს ეროვნულ ინტერესებს, რასაც ადასტურებს სენატორების განცხადებები და ხელისუფლების რეაგირება ამ განცხადებებზე. მათი თქმით, ხელისუფლებამ საბოლოოდ აირჩია რუსეთის მხარე.

  • პარტიების თქმით, ქართული ოცნების მცდელობები — "შეცდომაში შეიყვანოს დასავლეთი და საკუთარი თავი, პროდასავლურ ძალად წარმოსახოს", დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის არის დამაჯერებელი.
  • "ამ ისტორიულ მომენტში, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები იძულებულს ხდის ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისაუბროს არა ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარებასა და ეკონომიკური აღორძინების გეგმებზე, არამედ საქართველოში არსებულ ტოტალურ რეგრესზე";
  • "აშშ-ის სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნდნენ, რომ ოცნება არ აპირებს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას, რაც, აშშ-ის აზრითაც, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაა", — აღნიშნულია სამი პარტიის ერთობლივ განცხადებაში.

მათი განცხადებით, სენატის მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მსგავსად, აშშ ცხადად აქვს გაცნობიერებული საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების სიმძიმე.

  • პარტიის განცხადებით, სენატორებს აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის დაუღალავ ბრძოლას გააგრძელებს და საკუთარი მთავრობის პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, 3 პარტია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა საკუთარი მომავლისთვის არის ის, რისი წყალობითაც თავისუფალი სამყარო ყოველთვის უჭერდა მხარს. ამიტომ ფიქრობენ, რომ არ უნდა შეწყდეს ბრძოლა და უნდა მოიპოვონ პარტნიორების კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ.

  • "მხოლოდ ერთად ბრძოლითაა შესაძლებელი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილი ვაქციოთ რეალობად: პროდასავლელი უმრავლესობა გავათავისუფლოთ მმართველი პრორუსი უმცირესობისგან, დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და ვაქციოთ იგი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრად. ამ მიზნის შესრულება ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ხელშია", — ნათქვამია განცხადებაში.