საქართველოს ბანკი რეგიონებში პროექტების განხორციელებასა და ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ზუგდიდის ცენტრში სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 8,5 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 6,1 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.

"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური დახმარებით ზუგდიდის ცენტრში ზუგდიდი მოლის გახსნა შევძელით, რომლის ფართობიც 15 000 კვ.მ-ია. სავაჭრო ცენტრის შენობა ერთსართულიანია და საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს მოიცავს. მოლში წარმოდგენილია, როგორც სურსათისა და სწრაფი კვების სივრცეები, ასევე, ტანსაცმლის, პარფიუმერიის, წიგნების, ტექნიკისა თუ სხვადასხვა სახის მაღაზიები, კერძოდ: კარფური, ვაიკიკი, ფლო, სუპერი, ბიბლუსი, ადიდასი, ზუმერი, მინისო, ალტა და სხვა. ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია", — განაცხადა ბლოქსის კომერციულმა დირექტორმა, თეო გეგიაძემ.

"საქართველოს ბანკის ერთ-ერთ უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით კი, რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ისეთ ბიზნეს, რომელიც მუდამ განვითარებაზე ფიქრობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამხოლოდ ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენ კი, წარმატებებს ვუსურვებთ მათ სამომავლო გეგმების განხორციელებაში", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.