ცუგამ, რომელიც პატრონთან ერთად სეირნობისას დაიკარგა, პოლიციის შენობას თავად მიაკითხა. შემთხვევა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა, პოლიციის ვიდეოკამერებმა კი დააფიქსირა, თუ როგორ შევიდა ცუგა შენობაში და მოსაცდელ ოთახში მოკალათდა.

10 წლის როზი პატრონთან ერთად სეირნობდა, როცა ფეიერვერკის ხმა გაიგონა და შეშინდა. შეშინებული ცუგა პატრონს გაექცა, შემდეგ კი მისი პოვნა ვეღარ შეძლეს. ჭკვიანმა ცუგამ პოლიციას საქმე გაუმარტივა და განყოფილებაში თავისი ფეხით მივიდა.

ფოტო: BBC

პოლიციის თანამშრომლებმა ცუგას წყალი დაალევინეს და მასზე ზრუნავდნენ, სანამ პატრონი მოაკითხავდა. პატრონი დაკარგული ცუგას გამო ძალიან ნერვიულობდა და როგორც თავად აღნიშნა, პოლიციის ზარმა ძალიან გაახარა.

პოლიციის თქმით, ცუგას საყელო ეკეთა, რომელზეც პატრონის შესახებ ინფორმაცია იყო მითითებული, ამიტომ მასთან დაკავშირება მალევე შეძლეს. ცუგა უკვე სახლში დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.