ლიკაჩი თერმო კიდევ ერთი ბიზნესია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს.

კომპანიამ, რომელმაც 2017 წელს, აჭარის რეგიონში, თბოიზოლაციის მასალის წარმოება დაიწყო, ხუთი წლის თავზე უკვე წარმატებული ბიზნესისთვის ახალი ხაზის - მუყაოს ჭიქების დამატება გადაწყვიტა.

ხელვაჩაურში, 3000 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებული 1500 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობა ირაკლი ჩხუბაძემ 2017 წელს, თიბისის მხარდაჭერით შეისყიდა, მთლიანად განაახლა, 3000 კვ.მ-მდე გააფართოვა და თბოიზოლაციის წარმოებას ახალი კადრებითა და დანადგარებით შეუდგა. მანამდე კი ბაზარი შეისწავლა და მიხვდა, რომ საქართველოში იმ დროისთვის მოთხოვნადი და, ძირითადად, ირანიდან და თურქეთიდან შემოტანილი მასალის წარმოება ადგილზე უთუოდ სასარგებლო და მომგებიანი საქმე იქნებოდა.

"თბოიზოლაციის წარმოება გადამაწყვეტინა ქართულ ბაზარზე ამ სფეროში არსებულმა მოთხოვნამ და ამასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რაც ძირითადად ამ მასალის საზღვარგარეთიდან შემოტანას ეხებოდა. ადგილობრივი წარმოება ძალიან მწირი იყო, მოთხოვნა კი - დიდი. ბაზარი დიდწილად იმპორტზე იყო მიბმული. ამიტომ, მეგობრების რჩევით, შევისყიდე უკვე არსებული საწარმო ხელვაჩაურში, გავაორმაგეთ ფართი, გავაახლეთ დანადგარები და დავამატეთ კადრები, რომლებსაც ადგილზე ვასწავლით დანადგარებთან მუშაობას. 4 ადამიანით დავიწყეთ და დღეს უკვე 20-მდე დასაქმებული გვყავს", — ამბობს ლიკაჩი თერმოს დამფუძნებელი, ირაკლი ჩხობაძე.

მაღალი ხარისხის ნედლეული კომპანიას ძირითადად ირანიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს, სპეციალურ დანადგარებში ამუშავებს და სარეალიზაციოდ ისეთ მსხვილ დამკვეთებთან უშვებს, როგორებიც ნოვა, მოდუსი და გორგია არიან. ბაზარზე არსებულ მსგავს კომპანიებთან კონკურენციას ლიკაჩი თერმო ფასების რეგულირებით ცდილობს:

"სხვა კომპანიები მომხმარებელს, ძირითადად, იმპორტირებულ მასალას სთავაზობენ, რომლის ტრანსპორტირებაც, ტვირთის გაბარიტულობის გამო, საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ იგივე, ან უფრო ნაკლები ფასი შევთავაზოთ მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების პროდუქტში. ფასების ასეთი რეგულირებით ჩვენ საკმაოდ მომგებიან პოზიციაში ვართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ისეთ იმპორტირებულ პროდუქტზე, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეც იწარმოება, სახელმწიფომ დამატებითი გადასახადი უნდა დააწესოს, რითაც ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს", — ამბობს ირაკლი ჩხობაძე.

მას შემდეგ, რაც თბოიზოლაციის მასალის წარმოება-რეალიზაცია მაქსიმალურად გამართა, ლიკაჩი თერმომ არსებული საწარმოს ბაზაზე მეორე ხაზის – მუყაოს ჭიქების წარმოება გადაწყვიტა. თიბისის მხარდაჭერით, სხვადასხვა ზომის, მუყაოს ერთჯერადი ჭიქების პირველი პარტია საწარმომ 4 თვის წინ გამოუშვა. სულ მალე კი ლიკაჩი თერმო რამდენიმე ახალი პროდუქტის – ერთჯერადი თერმოჭურჭლის წარმოებასაც აპირებს, რომლითაც მიტანის სერვისზე მომუშავე კომპანიებს მოამარაგებს. თიბისის და ლიკაჩი თერმოს ურთიერთობა ამ მიმართულებითაც გაგრძელდება.