ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ინდონეზიაში, ბალიში განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პოლონეთში, სავარაუდოდ, რუსული რაკეტის ჩამოვარდნისა და მისი აფეთქების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 15 ნოემბერს გავრცელდა. დაიღუპა ორი ადამიანი.

  • პოლონეთი სამხედრო მზადყოფნას ზრდის, ასევე, ამოწმებს, საჭიროა თუ არა, NATO-ს მეოთხე მუხლის ამოქმედება.
  • მე-4 მუხლი მოიცავს შემთხვევას, როდესაც წევრი სახელმწიფო ფიქრობს, რომ სხვა ქვეყნის ან ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
  • წევრი ქვეყნები იწყებენ კონსულტაციებს, მოლაპარაკებების დროს კი ეს საფრთხე და მასთან დაპირისპირების გზები განიხილება — გადაწყვეტილება ერთხმად მიიღება.

დეტალები: ბაიდენმა თქვა, რომ არ სურს დეტალებზე საუბარი, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

  • "ტრაექტორიით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან გაესროლათ. თუმცა, ვნახავთ", — განაცხადა ბაიდენმა.

რუსეთი პოლონეთში რაკეტების ჩამოგდებას უარყოფს და "პროვოკაციას" უწოდებს.

  • კრემლში ამბობენ, რომ მედიაში ინციდენტის ადგილიდან გამოქვეყნებულ ფოტოებზე აღბეჭდილ ტექნიკის ნარჩენებს რუსულ რაკეტებთან კავშირი არ აქვს.

გამოხმაურებები: ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდება კრემლის მხრიდან ძალიან საშიში ესკალაციაა.

  • ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პოლონეთს მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა და დაწერა, რომ NATO-ს მთელი ტერიტორია დაცული უნდა იყოს.
  • მომხდარს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო უწყება. მათი განცხადებით, ესტონეთი მზადაა, დაიცვას ალიანსის მთელი ტერიტორია.
  • ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაიმ კი დაღუპულების გამო პოლონეთს მიუსამძიმრა და რუსეთს კიდევ ერთხელ უწოდა ტერორისტული სახელმწიფო.
  • "დღეს ის მოხდა, რაზეც დიდი ხანი ვაფრთხილებდით ყველას", — ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი მომხდარს.