ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი, ჩემი ბედნიერი ოჯახი, იმ თორმეტ ფილმს შორის მოხვდა, რომლებიც სიდნეის კინოფესტივალის ოფიციალურ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

ამავე კონკურსში, ქართველი რეჟისორების გვერდით მონაწილეობას მიიღებენ: სოფია კოპოლა, მიჰაელ ჰანეკე, აკი კაურიზმაკი, ილდიკო ენედი, ალან გომისი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი რამდენიმე ფესტივალის პრიზიორია, მათ შორი არის ვისბადენის, ჰონგ-კონგისა და იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალები.

მანამდე კი The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.

ჩემი ბედნიერი ოჯახი თითქმის ყველა ფესტივალმა წლის აღმოჩენად დაასახელა. წერდნენ, რომ ეს ინტელექტუალური და საინტერესო ფილმია, რომელშიც ნანამ და სიმონმა შესაშურად მოახერხეს მანანას [მთავარი პერსონაჟის] ცხოვრების დეტალების გადმოცემა და მოგვითხრეს, რას ნიშნავს და რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოჯახში სიყვარულიც და კამათიც თანაბრად არის, გულის ტკივილისგან კი ახალი შესაძლებლობები იბადება.

სიდნეის კინოფესტივალი 8-დან 17 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.