კარიბის ზღვის მეკობრეების გულშემატკივრები უკვე ხუთი წელია, რაც ახალი ფილმის გამოსვლას ელიან, თუმცა მარგო რობის მათთვის სამწუხარო სიახლე აქვს — მსახიობის განცხადებით, დისნეიმ გააუქმა პროექტი, რომელშიც მეკობრეების თავგადასავლების გაგრძელება იგეგმებოდა და მთავარი როლი სწორედ მარგო რობის უნდა ეთამაშა.

"ჩვენ გვქონდა იდეა, რომელზეც რაღაც პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდით, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო. გვინდოდა, ქალი პერსონაჟები უფრო წინ წამოგვეწია, რაც ვფიქრობდით, რომ ძალიან მაგარი იქნებოდა, თუმცა ალბათ დისნეის არ სურს ამ პროექტის განხორციელება," — განაცხადა მსახიობმა.

Disney-ის წარმომადგენლებს რობის განცხადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. პროექტის შესახებ პირველი ცნობები 2020 წელს გავრცელდა და როგორც ცნობილი გახდა, ფილმი კარიბის ზღვის მეკობრეების სამყაროზე იქნებოდა, თუმცა ახალი გმირებითა და წამყვანი ქალი პერსონაჟებით.

ბევრისთვის მთავარი გმირი ქალი მეკობრე ნამდვილად სასიხარულო სიახლე იყო, თუმცა, სამწუხაროდ, პროექტი ჯერჯერობით გაუქმებულია.

ფოტო: Disney+

კარიბის ზღვის მეკობრეების პირველმა ხუთმა ფილმმა, რომელშიც ჯონი დეპი მონაწილეობდა, ჯამში $4,5 მილიარდი მოუტანა სტუდიოს, თუმცა, როგორც ჩანს, მეექვსე ფილმზე მუშაობის დაწყებას მაინც არ ჩქარობენ.