ხვალ, 31 მაისს, 11 საათზე, თბილისში, მთავრობის ადმიბისტრაცის შენობასთან აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და აქტივისტს, აფგან მუხთარლის სოლიდარობის მიზნით აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ინფორმაციასაც მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.

"შემოგვიერთდით. გავაპროტესტოთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარება, მოვითხოვოთ ინფორმაცია ხელისუფლებისგან და მხარი დავუჭიროთ კოლეგას," - აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში დაიკარგა. ის გუშინ სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მისმა მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ პოლიციას მიმართა. აფგანი ერთ წელზე მეტია თბილისში ცხოვრობს. მას თავის საქმიანობიდან გამომდინარე აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

თბილისში დაკარგული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ბაქოში, სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვამ გაავრცელა. მისივე ცნობით, მუხთარლი მეგობარს დაუკავშირდა და ადვოკატის დახმარება ითხოვა.