ერთ დღეს, მზე რომ ჩავიდა და ოთხფეხა მეგობრისთვის ტკივილგამაყუჩებლის გაკეთების დრომ მოაწია, ამერიკელმა ენ ჯარეტმა თავის კატას ვერსად მოჰკრა თვალი, ამიტომ შეყვარებულს ჰკითხა, სად არისო. პასუხად მხრების აჩეჩის მიღების შემდეგ, ორივე შეუდგა ფისოს ძებნას, მაგრამ მას ვერსად მიაგნეს. საბოლოოდ, ენმა შენიშნა, რომ ეზოში გასასვლელი კარი ღია დარჩენილიყო.

გერილას, 15 წლის კატას, გარეთ ყოფნა ძალიან უყვარს და, როგორც ჩანს, როცა პატრონის მეთვალყურეობის გარეშე გასეირნების შანსი მიეცა, ამაზე უარი არ უთქვამს.

"ეტყობა, ძაღლები რომ გავიყვანე სასეირნოდ, შინ დაბრუნებულს კარის დახურვა დამავიწყდა", — აღიარა ენის შეყვარებულმა ბოლოს და მოიბოდიშა კიდეც. თუმცა, განაწყენებულმა ენმა ორწლიანი ურთიერთობა მეორე დღესვე დაასრულა და მისურის მშობლიურ შტატში დაბრუნდა.

ჯარეტი დღეს უკვე წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა მისმა პარტნიორმა უყურადღებობა გამოიჩინა და ამის შედეგად იგი დაზარალდა.

"მის ქალაქში, ბოსტონში, გადავედი და მთელი წელი ერთად ვიცხოვრეთ", — იხსენებს ენი, — "მე შორს ყოფნით ვიყავი დაღლილი, მაგრამ თავად განმიცხადა, რომ ჩემ გამო არსად წამსვლელი არ იყო. ამ გადმოსახედიდან, ეს ალბათ პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი გახლდათ".

ფოტო: Anne Jarret

ჯარეტის თქმით, მისი პარტნიორი თანაცხოვრებისას არც საერთო საქმეებს ასრულებდა და ისევ გამუდმებით იჩენდა უგულისყურობას.

"მერე კი კატაც გაუშვა; ანუ კარი ღია დატოვა და კატაზე არც კი უფიქრია. რა განსხვავებაა?", — ამბობს ენი.

სწორედ ეს ამბავი აღმოჩნდა ბოლო წვეთი, რის შემდეგაც ქალმა ბარგის ჩალაგება და მისურიში დაბრუნება გადაწყვიტა.

"აღარავის დაშვებულ შეცდომებს აღარ მივხედავ. ასე ბევრად უფრო ბედნიერიც ვარ", — ამატებს ჯარეტი.