"ყველა მრჩეველი ექიმი არ არის, ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს" – თოდუას კლინიკამ ამ გზავნილით ახალი კამპანია წამოიწყო. შესაძლოა, სოციალურ ქსელებში უკვე შეგხვდათ ვიდეორგოლი, რომლის გმირსაც დაცემინების შემდეგ გარშემომყოფები განსხვავებულ დიაგნოზს უსვამენ და მისთვის არც რჩევების მიცემას იშურებენ.

ვიდეორგოლი სახალისოა, სინამდვილეში კი სერიოზულ გზავნილს შეიცავს — მოგვიწოდებს ჯანმრთელობას დროულად მივაქციოთ ყურადღება და პრობლემის მიზეზების კვლევა და მკურნალობის დანიშვნა სპეციალისტებს მივანდოთ.

"სიმპტომების აღმოჩენისას, ადამიანები ხშირად მიმართავენ ხოლმე ინტერნეტსივრცეს და Google-ში ან სოციალურ მედიაში ეძებენ პასუხებს. ჯანმრთელობაზე ხშირად ვიღებთ რჩევებს რეალურ სიტუაციებშიც, ნაცნობებისგან თუ უცნობებისგან. თითქოს კეთილ რჩევაზე კარგი რა უნდა იყოს, მაგრამ ხშირად შედეგად თვითნებურ, არასწორ მკურნალობას ვიღებთ. არ ვითვალისწინებთ, რომ თითოეული ადამიანის შემთხვევა უნიკალურია, პრობლემის არსში გარკვევა ასეთი მარტივი არ არის და ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ექიმი", — ამბობს თოდუას კლინიკის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნატალია დარჩიაშვილი.

კამპანია, რომელზეც მარკეტერმა ნათია გოგიამ ფრილანსერ გუნდთან ერთად იმუშავა, სწორედ ამ სათქმელის გარშემო დაიგეგმა. მუშაობის პროცესში ის განზოგადდა და ცოცხალ სიტუაციას მოერგო.

"სამედიცინო რჩევების გაცემა ბევრ ადამიანს უყვარს და ის ძალიან ღრმად გამჯდარი ჩვევაა, ამიტომ, ვიდეორგოლის პერსონაჟებს შორის საკუთარი თავი შეიძლება ბევრმა აღმოაჩინოს. აუცილებელია გავიაზროთ, რომ ჩვენი დაკვირვებები და გამოცდილება ყველას ერთნაირად ვერ მოერგება და მკურნალობა დეტალური გამოკვლევის საფუძველზე და პერსონალიზებული მიდგომით უნდა დაიგეგმოს. მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას ალტერნატივა არ აქვს, თუკი გვინდა დროულად და ეფექტიანად აღმოვფხვრათ ჯანმრთელობის პრობლემა", — ამბობს ნატალია დარჩიაშვილი.

ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ეს კამპანია მხოლოდ ვიდეორგოლით არ შემოიფარგლება. თოდუას კლინიკა გეგმავს, გარე რეკლამების, ციფრული ბანერების, YouTube თუ ონლაინ მედიაში განთავსებული რეკლამებისა და სიუჟეტების დახმარებით საკითხს კიდევ უფრო ჩაუღრმავდეს და საზოგადოება მის სერიოზულობაზე მეტად დააფიქროს.

"საბოლოოდ გვჯერა, რომ ამით ცნობიერების ამაღლებასა და სწორი ჩვევების გამომუშავებას შევუწყობთ ხელს, რაც სპეციალისტთან დროულ ვიზიტს და ჯანმრთელობის საფუძვლიან გამოკვლევას გულისხმობს. ეს დაეხმარება ადამიანებს, გაუფრთხილდნენ ძვირფას დროს და, რაც მთავარია, თავიანთ ჯანმრთელობას", — ამბობს ნატალია დარჩიაშვილი.