შემდეგი პოდკასტის 69-ე ეპიზოდში ვისაუბრეთ არამიწიერ სიცოცხლეზე. განვიხილეთ ის თუ რამდენად რეალურია არამიწიერი სიცოცხლის არსებობა და როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის.

ჩვენი სტუმარი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი. ამ სტატიაში კი ყურადღებას კონკრეტულად მზის სისტემაში არამიწიერ სიცოცხლეზე გავამახვილებთ.

ზაზამ პოდკასტის თავშივე აღნიშნა, რომ სიცოცხლე შეიძლება ბუნების იმპერატივი იყოს. ეს კი გვაძლევს იმის ვარაუდის უფლებას, რომ სიცოცხლე მთელს სამყაროშია გავრცელებული. ზაზას თქმით, ერთია გონიერი სიცოცხლე, რომლის ჩამოყალიბებაც შედარებით რთულია და მეორე მიკრობული ორგანიზმები, რაც დედამიწის ევოლუციის ადრეულ პერიოდშივე გვხვდებოდა.

საინტერესოა, რომ მიკრობული სიცოცხლის მასპინძლები დედამიწის გარდა ჩვენივე მზის სისტემაში შეიძლება სხვა პლანეტებიც იყვნენ. მეტიც, ასეთები შეიძლება იყვნენ მათი თანამგზაბრებიც კი. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული იუპიტერის თანამგზავრი ევროპაა.

ზაზას თქმით, ევროპა სხვდასხვა სისქის ყინულითაა დაფარული, ხოლო რამდენიმე კილომეტრის ქვეშ უკვე თხევადი წყალიც გვხვდება. და ეს ჯამში უფრო მეტია, ვიდრე დედამიწის ოკეანეებში წყალი. წყალი კი ვიცით, რომ უმთავრესი ინგრედიენტია იმ სიცოცხლის, რომელიც დედამიწაზე გვხვდება.

დღეს ასტრონომებმა უკვე არგუმენტირებულად იციან, რომ ევროპის ყინულის საფარის ქვეშ თხევადი სახითაა წყალი. ამიტომ, NASA-ს მიზნად აქვს დასახული ევროპაზე მისიების გაგზავნა. სურვილი კი ერთია, ჩავაღწიოთ იმ სიღრმეებში სადაც თხევადი წყალია.

ზაზას თქმით, საუბარია რობოტიზირებულ მისიაზე, რომელიც ბირთვული ტიპის გამახურებლით გაადნობს ყინულს და ჩააღწევს სიღრმეებში. ამან კი შეიძლება არა მარტო მიკრობული არამედ მრავალ უჯრედიან და უფრო კომპლექსურ სიცოცხლემდე მიგვიყვანოს.

ამ მხრივ ასევე ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი გაზის გიგანტის სატურნის თანამგზავრი. საუბარია ენცელადზე, საიდანაც მეცნიერებმა ასევე დააფიქსირეს წყლის გეიზერები.

"ევროპისგან განსხვავებით ენცელადის ყინული არ არის ძალიან სქელი. ამიტომ, ამ თანამგზავრის ყინულის მიღმა ჩაღწევა უფრო მარტივი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ენცელადის მისიებიც იგეგმება და ამ მხრივ ძალიან საინტერესო ეტაპზე ვართ. და დიახ, მიკრო ორგანიზმების დონესთან ერთად შეიძლება სხვა მრავალუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმები იყოს თავად ჩვენს მზის სისტემაშიც კი", — თქვა ზაზამ.

მარსის "პრეტენზია"

მზის სისტემაში დედამიწის გარდა სიცოცხლის მასპინძლობაზე პრეტენზიას მარსიც გამოთქვამს. ამ მხრივ წითელ პლანეტაზე განსაკუთრებულად დიდი იმედები მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო. ეს ის დროა, როდესაც ადამიანებს მარსზე არა მარტო მიკრობული თუ უჯრედული სიცოცხლის ეჯერათ, არამედ ბევრს მიაჩნდა, რომ იქ საერთოდაც ზეცივილიზაცია იყო. ამაზე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნებიც დაწერილა, მარტო ბრედბერის "მარსის ქრონიკები" რად ღირს. მეტიც, ქართულ ენაზეც არის დაწერილი მხატვრული ნაწარმოები "ქალი სარკეში", სადაც დედამიწელები მარსელებთან კონტაქტს ამყარებენ.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ მარსზე არამიწიერი ცივილიზაციები არ არის. იქ არც სხვა კომპლექსური ფორმის სიცოცხლეა, თუმცა, მარსი სიცოცხლის მასპინძლობის კანდიდატად მაინც რჩება — ამჯერად საუბარია მიკრობულ სიცოცხლეზე.

"მარსზე სიცოცხლის ძიება გრძელდება და ბოლომდე იმედები გადაწურული არ არის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მარსიანული წარმოშობის მეტეორიტი, რომელშიც ბაქტერიის მსგავსი სტრუქტურა აღმოჩნდა. აქ მაგნეტიკები ისე იყო განლაგებული, რომ ასე მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებში ხდება", — ამბობს ზაზა.

გარდა ამისა, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ მარსზე ოდესღაც წყალი თხევად მდგომარეობაში დიდი რაოდენობით იყო. მეცნიერთა მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, 3.5 მილიარდი წლის წინ წითელ პლანეტაზე უზარმაზარი ოკეანეც არსებობდა, რომელიც, სავარაუდოდ, ასობით ათას კვადრატულ კილომეტრზე გახლდათ გადაჭიმული. ეს ნიშნავს, რომ მარსზე ოდესღაც სიცოცხლე იქნებოდა, მეორე საკითხია რა მდგომარეობაა იქ ახლა.

"კითხვაზე მარსზე არის თუ არა სიცოცხლე ჩვენ პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. ვიცით, რომ გონიერი სიცოცხლე არ არის, მაგრამ მიკრობულ დონეზე ამაზე საბოლოო ვერდიქტი არ გვაქვს. მარსის ზედაპირზე სიცოცხლე ვერ იქნება, მაგრამ მის შიგნით მოსალოდნელია, რომ სიცოცხლისთვის ექსტრემალურ პირობებში გარკვეული მიკრობული ცოცხალი ორგანიზმები შეგვხვდნენ", — თქვა ზაზამ.

ამ თემაზე საუბრის ბოლოს ზაზამ აღნიშნა, რომ ფუნდამენტურ შეკითხვაზე, მარტონი ვართ თუ არა სამყაროში ჯერ პასუხი არ არსებობს, თუმცა, არამიწიერი სიცოცხლე შეიძლება სულაც ჩვენს მეზობლად, ჩვენივე მზის სისტემაში იყოს. პასუხი იმაზე თუ რა ხდება შორეულ ვარსკვლავურ სისტემებში შეიძლება მალე ვერ გავიგოთ, თუმცა, უახლოეს ათწლეულებში იმის იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს, რომ მზის სისტემის ციურ სხეულებს უკეთ შევისწავლით და ვინ იცის იქნებ "თანამზის სისტემელებიც" აღმოვაჩინოთ.

პოდკასტის სრულად მოსმენა შეგიძლიათ ამ ბმულზე.