Coin Desk-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც Binance-მა კრიზისში მყოფი FTX-ის შეძენა გადაიფიქრა და შეთანხმება ჩაიშალა, ბიტკოინის ფასი 16 000 დოლარს ჩამოცდა, რაც 2020 წლის ნოემბრის შემდეგ უდაბლესი ნიშნულია. თუ FTX-ის გადახდისუუნარობა მრავალი კრიპტო ინვესტორისთვის სიურპრიზი იყო, ეს სიახლე მთელი ინდუსტრიის მასშტაბით შოკს იწვევს.

კრიპტოვალუტის კრიზისი მიმდინარე კვირას დაიწყო, როცა კრიპტო-ბირჟა FTX-ის დამფუძნებელმა სემ ბენკმან-ფრიდმა Binance-ს კომპანიის დესტაბილიზაციის მცდელობაში დასდო ბრალი. ორი დღის შემდეგ Binance-მა, რომელიც ერთადერთი კრიპტო-ბირჟაა, რომელსაც ეს შეეძლო, FTX-ის გადარჩენის სურვილი გამოთქვა.

მიუხედავად ამისა, Binance-ის შეთავაზება იმგვარი იყო, რომ კომპანიას შემოწმებისას მიზეზის პოვნის შემთხვევაში, უპრობლემოდ შეეძლო მასზე უარის თქმა და, შესაბამისად, FTX-ის გადარჩენაზე ხელის აღება. 10 ნოემბერს ასეც მოხდა და Binance-ის ჯგუფმა იპოვა "სახსრების არასწორი გამოყენების" საკმარისი მტკიცებულებები, რის შედეგადაც შეთანხმებაზე უარი თქვა.

რა მოხდა FTX-ში?

FTX-ის პრობლემები გამოაშკარავდა მაშინ, როცა Binance-მა ამ უკანასკნელის კრიპტოვალუტა FTT-ის მოშორების გადაწყვიტა ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული ეჭვების გამო. ბენკმან-ფრიდმა, რომელიც ინვესტორების დარწმუნებას ცდილობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, კატასტროფის მხოლოდ ორი დღით გადავადება შეძლო, შემდეგ კი თანხის მასობრივმა გატანამ ლიკვიდობის პრობლემა შექმნა.

8 ნოემბერს, როცა Binance-მა კომპანიის შემოწმება გადაწყვიტა, FTX-ის იურიდიული და შესაბამისობის პერსონალმა სამსახური დატოვა, რაც Yahoo Finance-ის მოხსენების მიხედვით, აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ პრობლემები იმაზე ღრმა იყო, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.

Wall Street Journal-ის მიხედვით, შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (Securities and Exchange Commission) პარალელურად FTX-ის ამერიკული შვილობილის, FTX.US-ის საქმიანობას იკვლევდა. ექსპერტებმა Yahoo Finance-ს განუცხადეს, რომ კომპანიის პრობლემები შესაძლოა დაკავშირებული იყოს კლიენტების დეპოზიტებისა და Alameda Research-ის (ბენკმენ-ფრიდის სავაჭრო კომპანია) სავაჭრო საქმიანობის შერევასთან.

რატომ იაფდება ბიტკოინი?

ვინაიდან Alameda Research-ზე FTT-ს სერიოზული გავლენა აქვს, მოსალოდნელია, რომ შემოწმებას ისიც გაივლის. შესაძლოა, სავაჭრო ფირმამ კრიპტოვალუტის დიდი რაოდენობა გამოუშვას, რომელსაც საკმარისი მყიდველი არ ეყოლება. როგორც ბაზრის ლიდერზე, ბუნებრივია, საბაზრო რყევები Bitcoin-ზეც ახდენს გავლენას, რაც აისახა კიდეც ვარდნაზე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში უდიდესია.

ვინაიდან Bitcoin-ის ფასი სულ რამდენიმე დღეში დაახლოებით 20%-ით შემცირდა, მაინერებს, შესაძლოა მოპოვებული კრიპტოვალუტის გაყიდვა მოუწიოთ მაინინგის დანახარჯის ასანაზღაურებლად. შესაბამისად, ბაზარზე ბიტკოინის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება ფასი უფრო შეამციროს. Coin Telegraph-ის მიხედვით, უდაბლესი ნიშნული 12000 დოლარი იქნება, როცა სხვები შიშობენ, რომ ვარდნა შეიძლება 9000 დოლარამდე გაგრძელდეს.

Bitcoin არ არის ერთადერთი კრიპტოვალუტა, რომელსაც კრიზისი შეეხო. Ether-ის ფასი 15%-ით შემცირდა, ხოლო Solana, რომელსაც წარსულში ბენკმან-ფრიდი უჭერდა მხარს, 24 საათში 46%-ით გაიაფდა.

კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია ახლა 805 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ზუსტად ერთი წლის წინანდელ 3 ტრილიონ დოლარიან მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არასტაბილურობას, რომელიც ამ ბაზართანაა დაკავშირებული.

Binance-ს სჯერა, რომ დიდი მოთამაშის ჩავარდნა ახალგაზრდა ინდუსტრიაში ნორმალური ამბავია და კრიზისის გადალახვა ხაზს გაუსვამს იმას, რომ კრიპტო ეკოსისტემა უფრო და უფრო გამძლე ხდება.

გაიზრდება თუ არა კრიპტოვალუტის ფასები ახლო მომავალში? Binance იმედს იტოვებს, რომ ასე მოხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.