ერთი წლის წინ, პანდემიის პერიოდში მამა-შვილს, რაჟდენ და თამარ გარუჩავებს გაუჩნდათ იდეა, რომ თავისუფლების მოედანზე რესტორანი გაეხსნათ, სახელის შერჩევაში ადგილმდებარეობამ თავისი როლი ითამაშა და ერთი წლის თავზე თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის რესტორანი, სახელად "თავისუფლება" შეემატა.

"ჩვენ გვინდა, რომ ყველამ გაუსინჯოს თავისუფლებას გემო", — ამბობს თამარ გარუჩავა, რომელმაც თავის თავზე ისეთი საპასუხისმგებლო საქმე აიღო, როგორიც რესტორნის დიზაინია, ამისთვის რესტორანი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე წამყვანი კომპანიის პარტნიორი გახდა. ავეჯი, ჭურჭელი, სამზარეულოს ტექნიკა და რესტორნისთვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარი ისეთ ცნობილ იტალიურ და გერმანულ ბრენდებს ეკუთვნის, როგორიცაა Pedrali, Sambonet – Paderno, Virtus, Eicholtz.

მანამდე კი იყო ბევრი საქმიანი შეხვედრა და მოლაპარაკება, შედეგად რესტორან "თავისუფლების" პროექტმა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში სუბსიდირება მოიპოვა და თიბისის ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო. შემდეგ კი იყო გარუჩავების ოჯახის თავდაუზოგავი შრომა ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად.

თამარი, რომელიც იტალიის ტურინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკურ ინჟინერიას სწავლობს, დროებით სამშობლოში დაბრუნდა და მთლიანად ახალი საქმით დაკავდა. "ოჯახთან ერთად ბიზნესის კეთება, თანაც როდესაც ჰორეკას სფეროში გამოცდილება არ გაქვს, ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა".

რესტორნის გახსნაში დიდი როლი აქვს თამარის ძმას, ნიკა გარუჩავას, რომელიც იმასთან ერთად რომ ჰოლანდიაში ცხოვრობს და ამსტერდამში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის პროგრამისტია, შესანიშნავი გურმანიც აღმოჩნდა. ნიკამ მენიუს შერჩევაში და სამზარეულოს გამართვაში მთელი ძალისხმევა ჩადო, მისი დამსახურებაა, რომ "თავისუფლებაში" ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოს მდიდარი და საინტერესო კერძები შეგიძლიათ დააგემოვნოთ, რომელსაც ახალი თაობის მთავარი შეფი ზურა ჩაჩანიძე მოგიმზადებთ. "თავისუფლების" დესერტიც განსაკუთრებულია, როგორც ნიკა გარუჩავა ამბობს, "აქაური დესერტები ცხოვრებას ცვლის" და ეს ყველაფერი პარიზელი კონდიტერის, რომან ბერნარდის დამსახურებაა.

რესტორანს ერთდროულად 250 ადამიანის მიღება შეუძლია, ამისთვის რამდენიმე განსხვავებული სივრცეა: ტერასა, სავახშმო ადგილი და 11 მეტრიანი ბარი. "თავისუფლებაში" არის ასევე წვეულებების ოთახი, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად შეგიძლიათ დაბადების დღე ან ნებისმიერი სხვა დღესასწაული აღნიშნოთ.