ხუთშაბათს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი უარს ამბობს მთიან ყარაბაღში საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლაზე, ასევე ხმას აძლევს რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალების ვადის გაგრძელების წინააღმდეგ.

"ეს და არაერთი სხვა განცხადება თუ ქმედება ცხადყოფს, რომ ალიევი არა მხოლოდ იმუქრება, არამედ უკვე ემზადება ყარაბაღის სომხების გენოციდისთვის", — განაცხადა ფაშინიანმა.

"აზერბაიჯანის პრეზიდენტი ცდილობს, რომ შექმნას საფუძველი, გამოიგონოს საფუძველი, რომ დახუროს ლაჩინის დერეფანი, ალყა შემოარტყას მთიანი ყარაბაღის სომხებს და დაუქვემდებაროს ისინი გენოციდს და ექსპატრიაციას, იმ საბაბით, რომ სომხეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებს".

ფაშინიანის კომენტარი პასუხობს 8 ნოემბერს აზერბაიჯანის "გამარჯვების დღეს" პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გამოსვლას. სახალხო დღესასწაული აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც აზერბაიჯანის ჯარებმა კონტროლი აიღეს მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაზე [შუში] 2020 წელს.

თავის გამოსვლაში, ალიევმა განაცხადა, რომ რუსული სამშვიდობო ჯარი მთიან ყარაბაღში მხოლოდ დროებითაა განლაგებული და თუ სომხები "ვინმეს დაეყრდნობიან, ახალ ტრაგედიას მიიღებენ".

2 ნოემბერს ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მისიის გახანგრძლივების შესაძლებლობა განიხილებოდა 1-ელ ნოემბერს სოჭში ალიევთან და პუტინთან შეხვედრის დროს, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

მან დასძინა, რომ სამშვიდობოები უნდა დარჩნენ მანამ, სანამ რეგიონის სომხების "უფლებები და უსაფრთხოება" გარანტირებული არ იქნება.

ალიევმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთმა აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოს დერეფანი, რომელიც სომხეთის სიუნიქის რეგიონს გაივლის და დააკავშირებს აზერბაიჯანს მის ექსკლავას ნახჩევანთან.

"ზანგაზურის დერეფანი სომხეთის პასუხისმგებლობაა. მან ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო", — განაცხადა ალიევმა ღირსების დღის გამოსვლაში. "ორი წელი გავიდა, არც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, არც მოქმედება, არც რკინიგზა, არც გზა. კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ?"

ფაშინიანმა ასევე უარყო ალიევის პრეტენზიები, რომ სომხეთმა აიღო ვალდებულება აზერბაიჯანს მის ექსკლავამდე დერეფანი გამოუყოს.

ფაშინიანის თქმით, სამმხრივ შეთანხმებაში, რომელმაც დაასრულა მთიანი ყარაბაღის მეორე ომი, არ არის ნახსენები "დერეფანი", რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვს.

ფაშინიანმა თქვა, რომ შეთანხმება ლაჩინის დერეფანს განსაზღვრავს, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს, არა მხოლოდ როგორც გზას, არამედ 5 კილომეტრის სიგანის ტერიტორიას. ამავდროულად, მე-9 პუნქტში, რომელიც ეხება რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განბლოკვას, "არ არის ნახსენები ასეთი ტერიტორია და ის მხოლოდ კომუნიკაციას, სატრანსპორტო კომუნიკაციას ეხება", — თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა თავისი გამოსვლა იმით დაასრულა, რომ სომხეთი "ჭეშმარიტად და გულწრფელად იყო ერთგული სამშვიდობო დღის წესრიგისადმი" და ყველა ღონეს იხმარს [...] რაც შეიძლება მალე დაასრულოს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია, ყველა რეგიონული სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა და ხელს მოაწერს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან.

"მაგრამ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სამშვიდობო დღის წესრიგი ნიშნავს სომხეთის რესპუბლიკის ან მთიანი ყარაბაღის სომხების "მშვიდობიან განადგურებას", ძალიან ცდება. სამშვიდობო დღის წესრიგი არის სომხეთის რესპუბლიკისა და რეგიონის მშვიდობიანი განვითარება და თანაარსებობა და ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზანს".

ერევანმა წარსულში დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იმედოვნებენ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ წლის ბოლომდე. თუმცა, გასულ კვირას, ვაშინგტონში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "არსებობს მთელი რიგი საკითხები [სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით] რომლებიც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია".

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.