დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან საგანგებო თათბირი ჩაატარა და მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარუდგინა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ალექსანდრე ხვადაგიანი დაინიშნა.

მღებრიშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციაში არსებითი რეფორმა იწყება:

"ეს ნიშნავს იმას, რომ საკადრო ცვლილებებთან ერთად, რიგი კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება, რაც საპატრულო პოლიციისთვის ახალი იმპულსი იქნება. ეს ღონისძიებები მოიცავს, ასევე, გადამზადების მასშტაბურ პროგრამას, ახალი სახეების, ახალგაზრდების მოზიდვას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას".

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ალექსანდრე ხვადაგიანი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

საპატრულო პოლიციის დირექტორის პოსტს 2015 წლიდან დღემდე გოგა რაზმაძე იკავებდა.