ლეგენდარულ იმელდა სტონტონს კარიერის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი როლი შეუსრულებია, თუმცა, მაყურებლების უმეტესობა მას, რა თქმა უნდა, დოლორეს ამბრიჯად იცნობს.

ინგლისელმა მსახიობმა თავისი ყველაზე ცნობილი როლი სწორედ ჰარი პოტერში ითამაშა, სადაც სერიის მეხუთე ფილმში მაგიის სამინისტროდან ჰოგვორტსში მივლენილი პროფესორი და, მოგვიანებით, მთავარი ინკვიზიტორი განასახიერა. ამბრიჯმა კი მერე სხვა რეგალიებიც დაიმატა, მაგრამ აღარ დაგასპოილერებთ. მთავარია, იცით, რამდენად დასამახსოვრებელი პერსონაჟია იგი.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ პროფესორი ამბრიჯის ჩრდილი იმელდა სტონტონს კარიერის მომდევნო ეტაპზეც თან გაჰყვა. სულ ახლახან ნეტფლიქსის ცნობილი სერიალის, The Crown-ის, ახალი, მე-5 სეზონი გამოვიდა, სადაც სტონტონმა დედოფალი ელიზაბეთის როლი მოირგო. ფანები კი დიდი აღტაცებით ელოდებოდნენ სეზონის პრემიერას, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთი მაყურებელი ეკრანზე დედოფლის გამოჩენისას ამბრიჯზე ფიქრებს თავიდან ვერაფრით იგდებს.

"გადავწყვიტე, მეცადა, მაგრამ იმელდა სტონტონის განსახიერებული დედოფალი The Crown-ში იმდენად ჰგავს დოლორეს ამბრიჯს, რომ სულ ველოდები, როდის წაათრევს კენტავრების ჯოგი".

"დედოფლის როლში იმელდა სტონტონის ყოფნის პრობლემა ისაა, რომ დოლორეს ამბრიჯს თავიდან ვერაფრით ვიგდებ".

"The Crown-ის ახალი სეზონის ყურება დავიწყე და იმასღა ვნატრობ, იმელდა სტონტონისნაირ შესანიშნავ მსახიობს ამბრიჯი არასდროს ეთამაშა, რადგან მხოლოდ მას ვხედავ ახლა".

ჯერ კიდევ 2020 წელს დადასტურდა, რომ The Crown-ის მე-5 სეზონში დედოფლის როლზე ოლივია კოლმანს იმელდა სტონტონი ჩაანაცვლებდა. თუმცა, ახალი სეზონისადმი მოლოდინი განსაკუთრებით გაამძაფრა რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულმა ფოტოებმა გადასაღები მოედნიდან.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ შექმნილი სერიალის მე-5 სეზონში, გარდა სტონტონისა, სხვა ახალ მსახიობებსაც შეხვდებით. პრინცესა დაიანას როლს ელიზაბეთ დებიკი ასრულებს, პრინც ჩარლზს კი დომინიკ უესტი განასახიერებს. ამ სეზონში უინძორებსა და პრინცესა დაიანას შორის დაძაბული ურთიერთობის მთავარ მონაკვეთზეა მოთხრობილი.

The Crown ("გვირგვინი") მაყურებელმა პირველად 2016 წელს იხილა და მალევე შეიყვარა. ამჟამად სერიალის მე-6 სეზონის გადაღებები მიმდინარეობს, რომელიც სამეფო ოჯახში 2000 წლის შემდგომ მომხდარ ამბებზე მოჰყვება.