ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას ვინმე მოელოდით, თუმცა ეს დღეც დადგა.

წლების განმავლობაში, გეიმერები სიმწრის ცრემლებს ღვრიდნენ, სასტიკ ღმერთებსა და საკუთარი გაჩენის დღეს წყევლიდნენ გამალებული თამაშისას დაკარგული თითოეული კარტოფილი ფრისა თუ ჩიფსის გამო. საბედნიეროდ, დადგა დღე, როცა სწრაფი კვების ყველასათვის საყვარელმა კომპანია McDonald's-მა გეიმინგ სკამი McCrispy წარადგინა!

კომპანიამ თავისი დიდებული ოქროს(ფერი) ტახტი გაერთიანებულ სამეფოში ქათმის სენდვიჩ McCrispy-ის გამოშვებას დაუკავშირა და გათამაშების მოწყობა გადაწყვიტა. შეიძლება სენდვიჩი ძველებურად გამოიყურება, თუმცა იგივეს სკამზე ნამდვილად ვერავინ იტყვის. უნივერსალურ, დახვეწილ სკამს ორივე მხარეს სათავსო აქვს, რომელთაგანაც ერთს იდეალურად ერგება McDonald's-ის კარტოფილი ფრის დიდი შეფუთვა, მეორე მხარეს კი მოთამაშეს ბურგერის თბილად შენახვაც კი შეუძლია. კარტოფილი ფრის დამჭერს ორი მცირე ჩაღრმავებაც აქვს, სადაც სოუსები თავსდება. დიზაინერებს, რა თქმა უნდა, არც სასმლისა და ხელსახოცების სივრცე გამორჩენიათ.

შეიძლება გაიფიქრეთ, როგორ შეიძლება ასეთი ელეგანტური ნახელავის ისეთი ვულგარული აქტით წაბილწვა, როგორიც ჭამაა, თუმცა კონსტრუქტორებმა ამაზეც იფიქრეს. The McCrispy Ultimate Gaming Chair-ის ერთ-ერთ მთავარი ღირსება მისი ზედაპირის მასალაა — ტყავი, რომელზეც ლაქები არ რჩება. შესაბამისად, მოუწესრიგებელ გეიმერებს შეუძლიათ მშვიდად იყონ და ისეთ პრობლემებზე ფიქრის გამო აღარ შეწყვიტონ თამაში, როგორიც გაოფლიანებული ან საკვებით დასვრილი თითებია.

გათამაშების პირობები კომპანიამ წარადგინა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იგეგმება თუ არა McCrispy Ultimate Gaming Chair-ის სერიული წარმოება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.