ამის შესახებ კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ, განაცხადი კი 32-მა კანდიდატმა შეავსო.

  • არამოსამართლე წევრების ასარჩევად პარლამენტის 90 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.
  • წლების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა იყო, საბჭოს არამოსამართლე წევრები პოლიტიკური კონსენსუსით არჩეულიყვნენ.
  • არასამთავრობო სექტორმა, საერთაშორისო პარტნიორებმა და ოპოზიციამ არაერთხელ აღნიშნეს, რომ მოსამართლეთა ნაწილი გადაწყვეტილებებს მმართველი გუნდის პოლიტიკური დაკვეთით იღებს.

დეტალები: NGO-ები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხარს გიორგი ბურჯანაძის, ანა აბაშიძის, სულხან სალაძის, დიმიტრი ხაჩიძისა და ლიკა საჯაიას კანდიდატურებს დაუჭერენ.

  • კოალიციის განცხადებით, აუცილებელია, თანამდებობაზე მოხვდნენ მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატები — მოქალაქეები, რომელთა მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსი იარსებებს.
  • "ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გააჩენს ახალი მიზიდულობის ცენტრს დამოუკიდებელი 5 წევრის სახით და კლანს მხოლოდ ერთხმიან არამყარ უპირატესობას დაუტოვებს", — აცხადებენ ორგანიზაციები.