მიუხედავად იმისა, რომ Apple მუდმივად საუბრობს iPhone-ის ულტრაკონფიდენციალურობაზე, კომპანია თქვენ შესახებ მონაცემებს მაინც აგროვებს. iPhone-ს აქვს კონფიდენციალურობის პარამეტრები, რომელმაც ეს თვალყურის დევნება უნდა შეაჩეროს. დამოუკიდებელი მკვლევრების ახალი მოხსენების მიხედვით, Apple თავისი აპლიკაციების საშუალებით, თქვენ შესახებ დეტალურ ინფორმაციას მაინც აგროვებს, მიუხედავად იმისა, გამორთავთ თუ არა tracking-ს.

iPhone Analytics პარამეტრი აშკარა პირობას იძლევა: გამორთეთ ის და, როგორც Apple ამტკიცებს, საერთოდ შეჩერდება Device Analytics-ის გაზიარება. მიუხედავად ამისა, ტომი მისკი და თალალ ჰაჯ ბაქრი, Mysk-ის ორი დეველოპერი და უსაფრთხოების მკვლევარი, საპირისპიროს ამტკიცებენ. ისინი iPhone-ის სხვადასხვა აპლიკაციების (App Store, Apple Music, Apple TV, Books, Stocks) შეგროვებულ ინფორმაციას დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ ანალიტიკის კონტროლსა და კონფიდენციალურობის სხვა პარამეტრებს პირდაპირი ეფექტი კომპანიის მიერ მონაცემების შეგროვებაზე არ აქვს. თვალყურის დევნება უცვლელი რჩება იმის მიუხედავად, გამორთავთ iPhone Analytics-ს თუ არა.

აღმოჩნდა, რომ App Store აგროვებს ინფორმაციას თქვენ მიერ განხორციელებული ყოველი მოქმედების შესახებ, მათ შორის, რას დააჭირეთ, რომელ აპლიკაციებს ეძებდით, რომლები ნახეთ, რამდენი ხანი უყურებდით და როგორ იპოვეთ. მათ შორის, აპლიკაცია აგზავნის ისეთ დეტალებსაც, როგორებიცაა ID ნომრები, რომელ მობილურს იყენებთ, თქვენი ეკრანის რეზოლუცია, კლავიატურის ენები, როგორ ხართ დაკავშირებული ინტერნეტთან და ა.შ.

"პერსონალიზაციის პარამეტრების შეცვლამ და გამორთვამ არ შეამცირა დეტალური ანალიტიკის რაოდენობა, რომელსაც აპლიკაცია აგზავნიდა. მე გამოვრთე ყველა შესაძლო პარამეტრი, პერსონალიზებული რეკლამები, რეკომენდაციები და ანალიტიკის გაზიარება". — განაცხადა მისკმა Gizmodo-სთან საუბარში.

Apple-ს ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კარგი ამბავი ის არის, რომ Health და Wallet არ შედიან იმ აპლიკაციებში, რომლებიც ანალიტიკას გადასცემენ, მათგან ეს საფრთხე არ მოდის. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით აპლიკაციებზე Apple Music, Apple TV, Books,iTunes Store და Stocks. აპლიკაციების უმრავლესობა უზიარებს ID ნომრებსაც, რაც საშუალებას აძლევს Apple-ს, თავის სერვერებზე თქვენს აქტივობას ადევნოს თვალი.

მკვლევრებმა თავიანთი ჰიპოთეზის გადასამოწმებლად ორი მოწყობილობა გამოიყენეს. პირველი პროგრამულად გატეხილი iPhone, რომელიც iOS 14.6-s იყენებდა. ამან საშუალება მისცა, გამოეშიფრათ ტრაფიკი და გამოეკვლიათ, თუ ზუსტად რა ინფორმაცია იგზავნებოდა. Apple-მა App Tracking Transparency iOS 14.5-ის შექმნისას შემოიტანა, მისცა რა მომხმარებლებს არჩევანი, თავად გადაეწყვიტათ, გაუზიარებდნენ თუ არა მონაცემებს კონკრეტულ აპლიკაციებს (შეკითხვა Ask app not to track?).

გარდა ამისა, მკვლევრებმა გამოიყენეს ჩვეულებრივი, მწყობრში მყოფი iPhone-იც, iOS 16 (უახლესი) სისტემით, რამაც მათი ვარაუდი უფრო გაამყარა. თუ პირველ შემთხვევაში შეიძლება გვეფიქრა, რომ მონაცემების გაზიარება პროგრამულად გატეხვის ბრალი იყო, მეორე ცდამ დაადასტურა, რომ იგივე აპლიკაციები ზუსტად იმავე მონაცემებს გადასცემდნენ იმავე მისამართებს. ორივე შემთხვევაში, კონფიდენციალურობის პარამეტრებში შეტანილმა ცვლილებებმა არაფერი შეცვალა.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა სახის ინფორმაცია ზიარდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებლების უმრავლესობისათვის მიუღებელია, როცა მის მოქმედებებს აკვირდებიან. მითუმეტეს, ეს ინფორმაცია შეიძლება სენსიტიურ დეტალებს შეიცავდეს ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის, ადიქციის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური მრწამსისა და სხვა მნიშვნელოვანი პერსონალური აზრების შესახებ.

გამაღიზიანებელია ისიც, რომ შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რაში იყენებს Apple მობილურებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. ამას ემატება ისიც, რომ კომპანია ახსნა-განმარტებას ჯერჯერობით არ აკეთებს.

მისკმა და მისმა პარტნიორებმა ანალოგიური კვლევა Google Chrome-ისა და Microsoft Edge-ის შესახებაც ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ თუ კონფიდენციალურობის შესაბამის პარამეტრებს გაააქტიურებთ, ეს ბრაუზერები თქვენს ინფორმაციას მართლაც არსად აგზავნიან.

კონფიდენციალურობა ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომლითაც Apple თავის პროდუქტებს არეკლამებს და კონკურენტებზე მაღლა აყენებს. კომპანიის მრავალ ბილბორდზე დაინახავთ წარწერას "კონფიდენციალურობა. ეს iPhone-ია". ამის პარალელურად, ტექნოლოგიების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი სარეკლამო იმპერიის შექმნაზეც მუშაობს. Apple-ის რეკლამების ქსელი თქვენს პერსონალურ მონაცემებზე მუშაობს ისე, როგორც ამას Google და Meta აკეთებენ, თუმცა ოდნავ თავშეკავებულად.

საინტერესოა, რომ კომპანიამ კონფიდენციალურობის ძალიან კომფორტული დეფინიცია შეიმუშავა, რაც საშუალებას აძლევს, გააკრიტიკოს კონკურენტების ანალოგიური პრაქტიკა, როცა თავადაც იყენებს თქვენს ინფორმაციას ამავე მიზნებისთვის. გაგეღიმებათ, მაგრამ Apple გვეუბნება, რომ ამას არ უნდა შევხედოთ, როგორც "თვალთვალს". კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, Apple-ის სარეკლამო პლატფორმა არ გითვლთვალებთ, რაც ნიშნავს, რომ ის თქვენგან მიღებულ ინფორმაციას არ აკავშირებს მესამე პირის მოწყობილობიდან მიღებულ ინფორმაციასთან, რათა შესაბამისი რეკლამა მოგაწოდოთ. ეს განმარტება ირონიულია, რადგან, კომპანიის აზრით, თუ მხოლოდ ის აგროვებს თქვენ შესახებ ინფორმაციას და ამაში სხვას არ იყენებს, ეს თვალთვალი არ არის.

ერთი სიტყვით, რაც ხდება iPhone-ში, რჩება iPhone-ში, თუ არ ჩავთვლით ინფორმაციის იმ ზღვას, რომელსაც მოწყობილობა Apple-ს უგზავნის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.