სამშენებლო კომპანია მამისონის დირექტორი დავით ხიდეშელი სატრანსპორტო კომპანიის მიერ შეწყვეტილ ხელშეკრულებაზე On.ge-ს ესაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ვარკეთილის მეტროში ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა, მას შემდეგ მეტროსადგურში ბაქანს რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

  • თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მამისონთან 12 760 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2022 წლის 5 მაისს დადო, 3 ნოემბერს კი ცალმხრივად შეუწყვიტა.
  • როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 98 დღის შემდეგ, კვლავ არ ჰქონდა წარდგენილი სრულყოფილი და სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი.

დეტალები: დავით ხიდეშელის განცხადებით, ვარკეთილის მეტროსადგურის გაჩერების გარეშე მისი რეაბილიტაცია წარმოუდგენელია და ამ საკითხზე სატრანსპორტო კომპანიასაც მიმართეს.

  • სატენდერო დოკუმენტებში ატვირთულია მამისონისა და სატრანსპორტო კომპანიის მიმოწერის ფაილები.
  • დოკუმენტებში ჩანს, რომ მამისონმა სამშენებლოების წარმოების კორექტირებული პროექტი წარადგინა. სატრანსპორტომ კი პასუხი და შენიშვნები დაუბრუნა.
  • სატრანსპორტოს განცხადებით, დოკუმენტში დასაბუთებული იყო მხოლოდ სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო დროის მოცულობა და კვლავ არ იყო სქემატურად გამოსახული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მგზავრთა და მომსახურე პერსონალის მოძრაობის მიმართულება.

მამისონის დირექტორის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროექტი გააკეთეს, სადაც გაწერილი იყო რომ აუცილებელია, მეტროში დახრილი გვირაბის შეფუთვა. როგორც ის აღნიშნავს, სხვა შემთხვევაში, ფუჭდება ესკალატორები და შემდეგ გამოსაცვლელი ხდება.

  • "ხალხის მოძრაობის პირობებში ჩვენ მაგას ვერანაირად ვერ შევფუთავდით. ამიტომ ვთხოვეთ გაჩერება ორ თვე ნახევარი და ამაზე მიდიოდა ვაჭრობა სატრანსპორტო კომპანიასთან", — გვითხრა ხიდეშელმა და განმარტა, რომ ივლისი აგვისტოს პერიოდს გულისხმობდა, როდესაც სასწავლო დაწესებულებები დახურულია.
  • ამბობს, რომ რეაბილიტაციის ჩატარება მეტროსადგურის გაუჩერებლად წარმოუდგენელია — "ვინც არ უნდა მოვიდეს, ვერ წარმომიდგენია, რომ მეტროსადგურის გაუჩერებლად შეძლებს სამუშაოების შესრულებას".
  • კითხვაზე, რა გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, ხიდაშელმა თქვა: "არ მუშაობთო, არ გვანებებდნენ მუშაობას და როგორ უნდა გვემუშავა".

გარდა ამისა, დავით ხიდეშელი აცხადებს, თუ მეტროსადგური არ გაჩერდებოდა, მაშინ უნდა ემუშავათ ღამე და უნდა შეეფუთათ მუშაობის დაწყების წინ.

  • "ღამე იწყებ მუშაობას ორის ნახევარზე ამთავრებ 5 საათზე. აბა წარმოიდგინეთ, სამ საათ ნახევარში, მერე შეფუთული უნდა მოხსნა, წარმოუდგენელია ასე მუშაობა, ამიტომ ჩვენ ვითხოვეთ 2 თვე დახრილი გვირაბის დემონტაჟი, შემდეგ მისი მონტაჟის სამუშაოები. რაზედაც მივიღეთ უარი".
  • "დახრილი გვირაბის თავზე და ვესტიბიულის თავზე ჭერი გაკეთებული არის არბო ცემენტის ფილებით, რაც კანცეროგერულია. მისი გაჭრის დროს მტვერი რომ გადაყლაპოს მგზავრმა, იქ რამე შეიძლება მოხდეს და რატომ უნდა მოხდეს. აუტკივარი თავი ვის უნდა რომ აიტკივოს", — ამბობს ის.