კლიმატის აქტივისტებმა ამჯერად მიზანში ენდი უორჰოლის ცნობილი ნამუშევარი — კემპბელის სუპი ამოიღეს და ავსტრალიის ეროვნულ გალერეას ეწვივნენ. აქტივისტებმა ენდი უორჰოლის ნამუშევარი ლურჯად დაჯღაბნეს, თუმცა კემპბელის სუპი არ დაზიანებულა, რადგან შუშით იყო დაცული.

ენდი უორჰოლის ნამუშევრის დაზიანების მცდელობაზე პასუხისმგებლობა აქტივისტების ჯგუფმა, The Stop Fossil Fuel Subsidies-მა აიღო. ჯგუფი მოითხოვს, რომ ავსტრალიის მთავრობამ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მრეწველობის მხარდაჭერა შეწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აქტივისტებმა ცნობილი ნამუშევრის დაზიანება სცადეს. ლონდონის ეროვნულ გალერეაში აქტივისტებმა ვან გოგის მზესუმზირებს პამიდვრის წვნიანი შეასხეს. ტილო, საბედნიეროდ, მინით იყო დაცული და ნამუშევარი არ დაზიანებული.

ცოტა ხნის წინ კი, პოტსდამის მუზეუმში აქტივისტებმა კლოდ მონეს ნახატს კარტოფილის პიურე შეასხეს. აქტივისტების თქმით, ნახატს პიურე საზოგადოების გამოსაფხიზლებლად შეასხეს, რადგან, მათი აზრით, ხალხი კლიმატის კრიზისს სათანადო ყურადღებას არ უთმობს. ამის შემდეგ მათ პროტესტის ნიშნად ხელები კედელზე მიიწებეს.