8 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები ჩატარდა, რომლის წინასწარი შედეგები ეტაპობრივად ქვეყნდება. ამ ეტაპზე საერთაშორისო მედიების გამოქვეყნებულ მონაცემებში მცირე სხვაობებია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სამშაბათს ამერიკელებმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 და სენატის 35 წევრი აირჩიეს.

  • ასევე, მიმდინარეობდა რბოლა გუბერნატორის 36 ადგილის დასაკავებლად და რეფერენდუმი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის.
  • თუ რესპუბლიკელები ერთ ან ორივე პალატას დაიკავებენ, ისინი შეძლებენ გავლენა იქონიონ ბაიდენის შიდა საკანონმდებლო დღის წესრიგზე და მოუწევთ გაუმკლავდნენ პრეზიდენტის ვეტოს.
  • ჯო ბაიდენის დემოკრატიულ პარტიას უპირატესობა ჰქონდა მოქმედ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში.

წინასწარი შედეგები: CNN-ის და Reuters-ის მონაცემებით, ამ დროისთვის სენატში დემოკრატიულ პარტიას მცირე უპირატესობა, 48 მანდატი აქვს, რესპუბლიკელებს — 47.

  • წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 198 მანდატი აქვთ, დემოკრატებს — 178.
  • გუბერნატორების არჩევნებში დემოკრატებს 21 მანდატი აქვთ, რესპუბლიკელებს — 24.

დეტალები: კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც დეპუტატები ორწლიანი ვადით მსახურობენ, 435 ადგილია.

  • პარტიებს სულ მცირე 218 ადგილი სჭირდებათ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად.
  • 100-ადგილიან სენატში სადავო 35 ადგილი იყო — სენატორები 6-წლიანი ვადით ირჩევიან და უმრავლესობისთვის საჭიროა 51 მანდატის მოპოვება.

ასევე, ტარდება შტატის საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები და კენჭისყრის ინიციატივები საკითხებზე, როგორიცაა:

  • აბორტის ხელმისაწვდომობა, ცვლილებები ხმის მიცემის სისტემაში, კონტროლი იარაღზე, მარიხუანას მოხმარება რეკრეაციული დანიშნულებით.