კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, რომელიც წელს 30 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება, ორი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იქნება წარდგენილი.

ფესტივალის მთავარ კონკურსშია გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი ხიბულა, რომელიც მშობლიური ქვეყნის მიუვალ მთებში გახიზნული პრეზიდენტის შესახებ მოგვითხრობს.

პრეზიდენტი ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უხილავი მდევარი აიძულებს მას, თვითონ აირჩიოს გზა საკუთარი დასასრულისკენ.

ხიბულას სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები.

გიორგი ოვაშვილი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 2014 წელსაც მონაწილეობდა. მისმა ფილმმა სიმინდის კუნძული კინოფესტივალის გრან პრი აიღო, მოგვიანებით კი თავად რეჟისორი კინოფესტივალის ჟიურის წევრად მიიწვიეს.

კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში East of the West წარმოდგენილი კიდევ ერთი ქართული ფილმი ახალგაზრდა რეჟისორს, მარიამ ხაჭვანს ეკუთვნის.

დედე რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. იგი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.

დედეს გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა, ასევე სვანია ფილმის ყველა მსახიობი.

კარლოვი ვარის კინოფესტივალი უმაღლესი, A კლასის კინოფესტივალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიო კინოინდუსტრიის ცნობილი და გავლენიანი წარმომადგენლები ესწრებიან.