საქმეები, რომელიც მოქალაქემ სახელმწიფოს მოუგო

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

საქართველოში სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები არაერთი წელია განხილვის თემაა. მოქალაქე, რომელიც სამართალს საკუთარ ქვეყანაში ვერ პოულობს, ერთადერთ გზად საერთაშორისო სასამართლოში ბრძოლას ხედავს და ხშირად იმარჯვებს კიდეც. ამ სტატიაში რამდენიმე საქმეს გავიხსენებთ, რომლითაც მოქალაქემ საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოუგო.

ვაზაგაშვილის და შანავას საქმე

ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. ძალის გადამეტებაზე გამოძიება 3 დღეში დაიწყო, მაგრამ 2007 წლის აპრილში დაიხურა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ "ყაჩაღური ჯგუფის" წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ. საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.

მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად, 2015 წლის 20 იანვარს შვილის საფლავზე ააფეთქეს. რამდენიმე დღით ადრე ის ხელისუფლებას გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო აკრიტიკებდა.

სარჩელი, სახელწოდებით ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში მას შემდეგ მოხვდა, რაც საქმე გამოძიებულად და დახურულად ისე გამოცხადდა, რომ ე.წ. კორტების საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე არავინ დასჯილა.

გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 18 ივლისს მიიღო და ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა. სტრასბურგმა სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ, ასევე, დაადგინა, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაც და ამ ნაწილში ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ დაშვებულ შეცდომებზე. სტრასბურგმა ეროვნული სასამართლოები ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირებისთვის დაკისრებული სასჯელის ნაწილში გააკრიტიკა და მიიჩნია, რომ ის ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური არ იყო.

სასამართლომ მიუთითა იმ ხარვეზებზეც, რაც 2012 წლის შემდეგ განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა. კერძოდ, მტკიცებულებები იური ვაზაგაშვილმა შეაგროვა, რომელიც პირველი მომჩივანი იყო მოუწია შეეთავსებინა საგამოძიებო როლი, რითაც საფრთხეში ჩაიგდო თავი.

სასამართლოს განმარტებით, პირველი მომჩივნის ტრაგიკული მკვლელობა შვილის საფლავზე არის ცხადი მაგალითი, რამდენად მძიმე შედეგი შესაძლოა, მოჰყვეს სახელმწიფო უწყებების მხრიდან სიცოცხლისთვის საშიში დანაშაულების არაეფექტიან გამოძიებას

საია

აიისას საქმე

პრეზერვატივების სხვადასხვა შეფუთვა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებს ეხმიანობოდა, არაერთხელ გახდა კრიტიკის და თავდასხმის ობიექტი.

თბილისის მერიამ ერთ-ერთი დიზაინი "არასათანადო და არაეთიკურ რეკლამად" შეაფასა და ჰომოფობიური დაჯგუფების, ქართული იდეის მოთხოვნის საფუძველზე, სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. საუბარი იყო ორ სხვადასხვა დიზაინზე, ერთზე თამარ მეფე იყო აღბეჭდილი, ხოლო მეორე — ორთითზეწამოცმული პრეზერვატივი. ასე დაიწყო სასამართლომ მსჯელობა.

საქალაქომ პრეზერვატივის ოთხი სახეობის შეფუთვაზე იმსჯელა "ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა", "ძლევაჲ საკვირველი", "სამეფო კარი თამარში" და ორთითზეწამოცმული პრეზერვატივი, იგივე "მაკურთხებელი ხელი" და კომპანია რელიგიური გრძნობების შელახვის მოტივით 500 ლარით დააჯარიმა.

კომპანიის დამფუძნებელმა, რომლის ინტერესებსაც GDI იცავდა, სახელმწიფოს დავა 2021 წლის ივლისში მოუგო — დადგინდა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.

GDI-ის განმარტებით, სტრასბურგმა აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა, რომლითაც შეუზღუდეს განმცხადებელს გამოხატვის თავისუფლება, არ იყო არც რელევანტური და არც საკმარისი რათა გამართლებულიყო კონვენციის მე-10 მუხლში ჩარევა.

თუმცა თამარ მეფის გამოსახულებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს ეროვნულ დონეზე არ წარმოუდგენიათ საკმარისი მტკიცებულებები/ანალიზი. შესაბამისად, მასთან მიმართებით საბოლოო დასკვნისგან თავი შეიკავეს.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

GDI

17 მაისის საქმე

2013 წლის 17 მაისს რამდენიმე ლგბტ ორგანიზაციამ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია დაგეგმა. საპატრიარქოს და სასულიერო პირების ორგანიზებით, 16 მაისიდან რუსთაველზე ჰომოფობები შეიკრიბნენ. ისინი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ქვებით, ჭინჭრებით, ნაგვის ურნებით და სკამებით სდიეს და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.

სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია. შესაბამისად, ეს საქმეც წააგო. 2021 წლის 16 იანვარს ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო უპრეცედენტო ძალადობა ლგბტ დემონსტრანტების მიმართ სახელმწიფოსთან შეთანხმებით. საქართველოს 35 ადამიანისა და ორი ორგანიზაციისთვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება დაეკისრა — ჯამში 193 500 ევრო.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება დისკრიმინაციასთან ერთობლიობაში.

"რეალობისა და რისკის მასშტაბის სრულად გაცნობიერების მიუხედავად, იმის ნაცვლად რომ უფრო ეფექტიანი ზომები მიეღო და აპლიკანტებს მშვიდობიანი დემონსტრაციის გაგრძელების საშუალება ჰქონოდათ, პოლიციამ ისინი ადგილიდან გაიყვანა. ეს დამოკიდებულება მიანიშნებს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ჩატარების უზრუნველყოფისთვის მიღებული ზომები ხელისუფლების პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა", — ნათქვამი იყო გადაწყვეტილებაში.

ფოტო: გიორგი გოგუა/ლიბერალი

ევროსასამართლომ დაასკვნა, რომ 2013 წლის 17 მაისს ლგბტქ აქტივისტებისა და თემის წევრების მიმართ განხორციელდა:

  • არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 3), დისკრიმინაციასთან კავშირში (მუხლი 14);
  • დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება (მუხლი 11) დისკრიმინაციულად (მუხლი 14).

სანდრო გირგვლიანის საქმე

2006 წლის დეკემბერში ოქროყანაში 28 წლის სანდრო გირგვლიანი მოკლული იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, გირგვლიანთან ანგარიშსწორება პირადი კონფლიქტის გამო ჰქონდათ.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არა მკვლელობისთვის, არამედ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის სამ პირს 7-7, ხოლო მეოთხეს 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, შსს-ს ოთხივე თანამშრომელს სასჯელი 6 თვით შეუმცირა

ამ საქმეზე გადაწყვეტილება სტრასბურგმა 2021 წლის აპრილში მიიღო. ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების პატივისცემის დარღვევა დაადგინა, სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

ნათქვამი იყო, რომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებას აშკარად აკლდა სათანადო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და ყურადღება. სასამართლომ დაასკვნა, რომ გამოძიების წარმოებისას ხელისუფლების ორგანოები მოქმედებდნენ ამ პრინციპების საწინააღმდეგოდ.

"სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების ხმაშეწყობილი მოქმედებით იმისათვის, რომ ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლიანი მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინსტრაციის მიერ დაკავებული პირების უკანანოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ადრეული გათავისუფლება და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება", — ნათქვამი იყო განცხადებაში.

ნოდარ გოგოლაძის საქმე

2008 წლის 13 თებერვალს ბორჯომის პოლიციამ ნოდარ გოგოლაძე დააპატიმრა. სტრასბურგს მანდ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო მიმართა.

"მომჩივანი თავიდან ამბობდა, რომ არ ჩიოდა პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობაზე, თუმცა თბილისის მერვე საპყრობილეში გადაყვანის შემდეგ მან პროკურორს უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხუთმა პოლიციელმა მას თავის არეში ურტყა", — წერდა სტრასბურგის სასამართლო.

სტრასბურგმა გოგოლაძის წამებისა და არადამიანური მოპრყობის საქმეზე საქართველო გაამტყუნა და მომჩივანისთვის 6 000 ევროს გადახდა დააკისრა.

თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე

ამ საქმეზე მომჩივნის ქმარმა თავი 2013 წელს მოიკლა. მანამდე, ერთი დღით ადრე ის მეგობრის მიერ კანაფის მოხმარების საქმეზე პოლიციაში მოწმედ დაიბარეს. გარდაცვლილმა ცოლს უთხრა, რომ განყოფილებაში მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს და სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ მისი მეგობარი ნამდვილად ფლობდა კანაფს.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას თვითმკვლელობის გარემოებები საფუძვლიანად არ შეუსწავლია, რამაც შეარყია სისხლის სამართლის გამოძიების საერთო ეფექტურობა. სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლისს და დაიხურა 2016 წლის 25 მარტს, რაც ორ წელზე მეტია, თუმცა არანაირი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე, მთავრობას კი არ გაუკეთებია რაიმე განმარტება გამოძიების შეჩერების პერიოდთან დაკავშირებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი და სახელმწიფოს მომჩივნისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 3 000 ევროს ოდენობით კომპენსაცია დაეკისრა.

სალომე ჯორბენაძის საქმე

2014 წლის 25 ივლისს, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა. მკვლელობამდე ქალი მოძალადისგან თავის დაცვის თხოვნით ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართავდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა.

საიას სარჩელის საფუძველზე პირველმა ინსტანციამ შსს-ს და მთავარი პროკურატურის პასუხისმგებლობა დაადგინა და მათ დედისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ამის მიუხედავად, სახელმწიფომ არ აღიარა პასუხისმგებლობა და უწყებებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე ევროპული კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების, სიცოცხლისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებების დარღვევა გამოავლინა.

მთლიანობაში, საქმე შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ერთ თვალსაჩინო მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა და დისკრიმინაციულმა პასიურობამ ოჯახში ძალადობის ბრალდებების წინაშე შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მსხვერპლთა მიმართ ჩადენილი ძალადობის შემდგომ გავრცელებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები იყვნენ.

ევროპული სასამართლო

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, იმ დროს პატრიარქთან ერთად იყო ბერლინში.

გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2018 წლის 13 თებერვალს სააპელაციო სასამართლომ დეკანოზის განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საჩივარი დაუშვებლად სცნო.

ფოტო: პირველი არხი

ევროპულმა სასამართლომ მამალაძის საქმეზე რამდენიმე კონვენციური მუხლის დარღვევა დაადგინა. მიიჩნია, რომ საქმეში მე-6 მუხლის პირველი პუნქტი — მტკიცებულებების მოპოვების და გამოყენების ნაწილი, არ დარღვეულა. თუმცა, ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო. ასევე, დარღვეული იყო მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმფცია).

მამალაძე, ასევე, ითხოვდა, მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 376 304 ლარს და მორალური ზიანისთვის 150 000 ევროს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ხოლო მოთხოვნა 6 360 ლარზე სასამართლოში მისი იურიდიული წარმომადგენლობისთვის და 3 058 ლარზე დოკუმენტების თარგმნის, საფოსტო და სხვა ხარჯებისთვის, დაკმაყოფილდა.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები. რაც შეეხება დარღვევებს, იუსტიცია ამბობდა, რომ არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე.

ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივ აღიარების საქმე

ტრანსგენდერი კაცები გენდერის სამართლებრივ აღიარებას, საინდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ.

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საკუთარ დასკვნაში წერს, საქმეში მთავარი პრობლემაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში სქესის შეცვლის სამართლებრივი ნორმები არ არის ზუსტად დადგენილი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მთავრობამ უპასუხოდ დატოვა სასამართლოს კითხვები, თუ ზუსტად რა სახის სამედიცინო პროცედურებია საჭირო, რათა გენდერი სამართლებრივად აღიარონ.

სასამართლომ 3 მოსარჩლის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-8 მუხლის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, დარღვევა დაადგინა. სასამართლომ არ იმსჯელა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევაზე, რადგან ამის საჭიროება ვერ დაინახა. ევროსასამართლომ სახელმწიფოს დაავალა სამივეს 2 000 ევრო გადაუხადოს, ხოლო მესამე მომჩივანს დამატებით 9 812 ევრო.

აქტივისტების საქმე

2015 წლის 19 ივლის პანორამა თბილისის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელზეც პოლიციამ რამდენი პირი, მათ შორის ნატა ფერაძე დააკავა ბანერის "პანორამა არა *ლე" დაჭერის გამო.

აქცია ქალაქი ჩემია

აქცია ქალაქი ჩემია

ფოტო: გვანცა ნემსაძე

მოსარჩელეები იყვნენ ნატა ფერაძე, გიგა მაქარაშვილი, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი, კონსტანტინე ჩაჩანიძე, ვახო ქარელი, ანა მამულაშვილი და ირაკლი მგალობლიშვილი. ისინი სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების — გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უფლებების დარღვევაზე მიუთითებდნენ.

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევა დაადგინა. სახელმწიფო ვალდებულია, თითოეულ მოსარჩელეს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 040 ევრო გადაუხადოს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. ამ ვერსიას ოჯახის წევრები უარყოფდნენ და ძალოვანების მხრიდან მუქარაზე საუბრობდნენ.

ფოტო: EMC

მოსარჩელეები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლის სავარაუდო დარღვევას დავობდნენ. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში. ხოლო ამავე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა არ დაადგინა.

მე-3 მუხლი სასამართლომ არ განიხილა, კონვენციის მე-13 მუხლთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილის განხილვის აუცილებლობა. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 10 000, ხარჯებისათვის კი დამატებით 15 000 ევროს გადახდა დააკისრა.

უგულავას საქმე

გიგი უგულავამ კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე ევროპულ სასამართლოს 2014 წლის 27 დეკემბერს მიმართა. ის დავობდა 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის კანონიერებაზე.

სასამართლომ თავდაპირველი პატიმრობის შეფარდება პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად არ მიიჩნია, ხოლო კონვენციის დარღვევა დაადგინა ორ ეპიზოდზე. დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის ივლისში პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევა იყო.

ფოტო: დარინა ქამადაძე / On.ge

აგრეთვე, დაადგინა, რომ მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. სასამართლომ სახელმწიფოს უგულავასთვის 10 000 ევროს გადახდა დააკისრა.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ევროპული სასამართლოს კრიტიკის საგანს წარმოადგენდა 2015 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა და ორივე საკითხი დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობითა და პრაქტიკით აღმოფხვრილია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა

რა ხდება: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება…