საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ რუსეთზე მზარდ ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, საქართველოში რუსი ვიზიტორების შემოსვლა და სხვა მონაცემებია განხილული.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რისკების მინიმიზაციის მიზნით ეკონომისტების რეკომენდაცია ბაზრების დივერსიფიცირებაა — ამასთანავე დამოკიდებულების ზრდა განსაკუთრებით სახიფათო რუსეთზეა.

  • რადგან, ის არასანდო პარტნიორი და აგრესორი სახელმწიფოა, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეუძლია ემბარგოს გამოცხადება.
  • გარდა ამისა, საერთაშორისო სანქციები რუსეთს აღარიბებს და მის ეკონომიკურ მიმზიდველობას ამცირებს.

დეტალები: უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან გაზრდილია როგორც საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, ასევე შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა და ფულადი გზავნილები.

  • მარტიდან მაისის ჩათვლით საქართველოში 9 500 რუსული კომპანია დარეგისტრირდა — 10-ჯერ მეტი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით;
  • მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა;
  • აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 400%-ით გაიზარდა და $1 მილიარდს გადააჭარბა.
  • 9 თვეში რუსეთში ექსპორტი 11%-ით და იმპორტი 73%-ით გაიზარდა;
  • აგვისტო-სექტემბერში რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ პანდემიამდელ პერიოდს გადააჭარბა.

გარდა იმისა, რომ ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა, ცალკეულ პროდუქციაზე შენარჩუნდა ან გაიზარდა დამოკიდებულებაც. კერძოდ:

  • ღვინის ექსპორტში რუსეთზე დამოკიდებულება 54,7%-დან 63,1%-მდე გაიზარდა;
  • ხორბლის/ფქვილის იმპორტის 96% რუსულია;
  • რუსეთის წილი საწვავის იმპორტში 18%-დან 44%-მდე გაიზარდა.

ტურიზმსა და ფულად გზავნილებში შეინიშნება, როგორც თანხობრივი, ასევე წილობრივი ზრდა:

  • 2019 წლის იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილმა 15,7% შეადგინა, 2022 წელს — 20%;
  • იანვარ-სექტემბერში 18%-დან 40%-მდე გაიზარდა რუსეთის წილი ფულად გზავნილებში.

საერთაშორისო გამჭვირვალობამ ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად რამდენიმე რეკომენდაცია გასცა:

  • თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების უფრო მეტ სახელმწიფოსთან გაფორმება;
  • იმ დარგების სუბსიდირების შეწყვეტა, რომელიც პოტენციურად რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის.

IDFI-ის კვლევის თანახმად, მარტიდან რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ბანკებში გახსნილი ანგარიშების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა.

  • 31 აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო ანგარიში საქართველოში რუსეთის 60 000 მოქალაქეს ჰქონდა გახსნილი;
  • რუსეთის მოქალაქეების ანაბრებზე არსებული თანხის მოცულობა 3-ჯერ გაიზარდა და 1,9 მილიარდ ლარს მიაღწია.