"რა არის ის სიტყვები, რომლებიც შენთვის აბიტურიენტობასთან ასოცირდება?" — ეს შეკითხვა ალტე უნივერსიტეტმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს დაუსვა და ყველასთვის ძალიან ნაცნობი პასუხებიც მიიღო. აბიტურიენტები ამბობენ, რომ სტრესი, დაძაბულობა და უძილობა მათი აბიტურიენტობის განუყოფელი ნაწილია. პრინციპში, ასე იყო სულ — სტუდენტები ან კურსდამთავრებულებიც დაგვეთანხმებიან, რომ აბიტურიენტობა ერთი დიდი ტკბილ-მწარე პერიოდია, რომლის შემსუბუქებისთვის ყველაფერს ვიზამდით.

და აი, გამოსავალიც — ჩვენ აბიტურიენტების კლუბზე გიამბობთ, რომლის მისია ამ ამაღელვებელი და ბურუსით მოცული გზის გაკვალვა, მომავალი სტუდენტების ცოდნითა და საჭირო უნარებით აღჭურვა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაა.

როგორ? — ამას ამ სტატიიდან გაიგებ.

რა არის აბიტურიენტების კლუბი?

ფოტო: ალტე უნივერსიტეტ

აბიტურიენტების კლუბი არის სივრცე, სადაც მომავალი სტუდენტები იკრიბებიან, იღებენ ინფორმაციას საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ, გადიან იმიტირებულ გამოცდებს, სწავლობენ, ერთობიან, ზრუნავენ მენტალურ ჯანმრთელობაზე და სხვა. რაც მთავარია, იგი ღიაა ყველასთვის, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ფაკულტეტზე ან უნივერსიტეტში აბარებს აბიტურიენტი.

ფოტო: ალტე უნივერსიტეტი

"აბიტურიენტების კლუბის შექმნის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ზოგადად, აბიტურიენტებსა და უნივერსიტეტებს შორის დიდი ბარიერებია. მათი ურთიერთობა, როგორც წესი, შემოიფარგლება ღია კარის დღეებით, ამის შემდეგ კი — წყდება, განსაკუთრებით, რეგიონებში. ამაზე ფიქრისას მივხვდით, რომ გვჭირდებოდა შეგვექმნა ისეთი რამ, რომლის მეშვეობითაც აბიტურიენტებთან მუდმივი ურთიერთობა გვექნებოდა, მოვისმენდით მათ საჭიროებებს და მოვარგებდით მათ ჩვენს პროექტებზე", — გვიამბობს ხატია მათიკოშვილი, აბიტურიენტების კლუბის კოორდინატორი.

აბიტურიენტების კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველას თბილისიდან და რეგიონებიდან. ამისათვის ან მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება ან ფეისბუქ ჯგუფში გაწევრიანებაა საჭირო.

კლუბმა სულ რამდენიმე დღის წინ ჰიბრიდული მოდელით დაიწყო ფუნქციონირება, რაც მოიცავს სხვადასხვა პროექტის, სესიებისა თუ შემეცნებითი აქტივობების გამართვას როგორც დისტანციურად, ასევე ფიზიკურად, რა თქმა უნდა, რეგიონებში ჩასვლასაც.

"ალტე უნივერსიტეტის მისიაა განათლება მუდმივი განვითარებისთვის და რადგან ამ მისიის ფარგლებში, ჩვენი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მრავალ პროექტს ვახორციელებთ, გადავწყვიტეთ, სკოლის დონეზეც გაგვეჩინა სხვადასხვა ტიპის რესურსი, რომელიც შესაძლოა, რთულად ხელმისაწვდომი იყოს აბიტურიენტებისთვის, საცხოვრებელი ადგილიდან თუ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს გახდა მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა კლუბი, რომელში გაწევრიანებაც თითოეული აბიტურიენტისთვის იქნებოდა სასურველიც და საინტერესოც", — აღნიშნავს ნინო სიხარულიძე, აბიტურიენტების კლუბის კოორდინატორი.

მისი თქმით, კლუბი მარტივად ხელმისაწვდომი სერვისების ერთ-ერთი წყაროა და სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ახალგაზრდებს უნარებს, რომლებიც სამომავლოდ მათ პროფესიული წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

რას მოიცავს კლუბის სერვისები?

  • პროფესიული ორიენტაციის შეხვედრებს;
  • ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ვორქშოფებს;
  • იმიტირებულ გამოცდებს;
  • პერსონალური კონსულტანტის სერვისს;
  • სტრესის მართვის ტრენინგებს;
  • ინტელექტუალურ თამაშებს;
  • შემეცნებით პროექტებს;
  • საგანმანათლებლო კონკურსებს;
  • ბანაკებს.

ფოტო: ალტე უნივერსიტეტი

"კლუბის ძირითადი მიმართულებები შემუშავებულია. მათ შორისაა პროფესიული ორიენტაციის სესიები, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირებით. ბევრი აბიტურიენტი გაურკვევლობაშია, არ იციან, რას გულისხმობს ესა თუ ის სპეციალობა, სად შეიძლება დასაქმდნენ — ჩვენი კლუბის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ თითოეულ აბიტურიენტს სტუდენტობამდე მივაწოდოთ საბაზისო ინფორმაცია საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და მისთვის საინტერესო პროფესიების შესახებ", — ამბობს ხატია.

კოორდინატორები აღნიშნავენ, რომ კლუბის განსაკუთრებულ კომპონენტს ასევე მენტალური ჯანმრთელობის მასტერკლასები წარმოადგენს. რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ეროვნული გამოცდები დაიწყება, კლუბი აბიტურიენტებს იმიტირებულ გამოცდებს შესთავაზებს, სადაც წევრები შეამოწმებენ საკუთარ ცოდნას და ექნებათ დრო ხარვეზების გამოსასწორებლად. გარდა ამისა, კლუბში პერიოდულად გაიმართება ვორქშოპები, რომელიც ყველა წევრს მისცემს შესაძლებლობას, განამტკიცონ და შეამოწმონ საკუთარი ცოდნა, მაგალითად, ინგლისური ენის ან თუნდაც ქართული ენის მიმართულებით.

ფოტო: ალტე უნივერსიტეტი

"ეს მოთხოვნა აბიტურიენტებიდან წამოვიდა. ძალიან ბევრს, მათ შორის რეგიონებიდან, დიდი ფინანსური ხარჯი აქვთ და რთულია მათთვის რეპეტიტორთან მომზადება, ამიტომ ჩავატარებთ ვორქშოპებს სხვადასხვა საგანში, რომლებიც ორიენტირებული იქნება გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო ტექნიკების განვითარებაზე. ", — ამბობს ნინო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ციფრული უსაფრთხოების სესიები. მოკლედ, ამ და სხვა ბევრი საინტერესო პროექტით, ალტე უნივერსიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ თითოეული აბიტურიენტი მოამზადოს როგორც სტუდენტობისთვის, ისე ახალი რეალობისთვის, სადაც ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ კონკურენტულ გარემოში საკუთარი თავის რეალიზებას.

კლუბის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სტარტაპ მარათონები, გამოფენები, ბანაკები და ინტელექტუალური თამაშები. სიურპრიზად კი გეტყვით, რომ ამ პროექტებში მონაწილე აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებული პრიზები და საჩუქრები უკვე მზადდება.

"ეს მხოლოდ ნაწილია პროექტებისა. ჩვენ გვინდა, აბიტურიენტების მოთხოვნებსა და საჭიროებებს მოვერგოთ. შესაბამისად, როცა კლუბის მასშტაბი გაიზრდება და ახალი წევრები შემოგვიერთდებიან, ისინი ინოვაციურ იდეებს გააჩენენ, რომლებზეც აუცილებლად ერთობლივი ძალებით დავიწყებთ მუშაობას.", — ამბობს ხატია.

შეიმსუბუქე აბიტურიენტობა

"შეიმსუბუქე აბიტურიენტობა" — ეს კლუბის მთავარი იდეაა. კოორდინატორები აღნიშნავენ, რომ აბიტურიენტობა არ უნდა იყოს მხოლოდ რთულ მომენტებთან დაკავშირებული, არამედ სურთ, ახალგაზრდებს ამ პერიოდთან დადებითი ემოციები აკავშირებდეთ და ამაში წვლილი აბიტურიენტების კლუბმაც შეიტანოს. რაც მთავარია, მათი საჭიროებების გამოვლენაში კი "ამბასადორი აბიტურიენტებიც" მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც სხვადასხვა სკოლაში გამოიკვლევენ მომავალი სტუდენტების მოთხოვნებსა და სურვილებს.

"მოხარულები ვართ, რომ შეიქმნა დიდი ერთობა, რომლის წევრების სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატარებენ დროს თანამოაზრებთან ერთად.", — ამბობენ კლუბის კოორდინატორები.

შეუერთდი აბიტურიენტების კლუბს ფეისბუქზე და შეიმსუბუქე აბიტურიენტობა.

#აბიტურიენტებისკლუბი #შეიმსუბუქეაბიტურიენტობა #ალტეუნივერსიტეტი