კლიტორი ქალის სასქესო ორგანოს განსაკუთრებით მგრძნობიარე ნაწილია, რომელსაც ერთადერთი დადგენილი დანიშნულება აქვს — სიამოვნების მინიჭება. შეგვიძლია, ანატომიური თვალსაზრისით იგი აისბერგსაც შევადაროთ: თვალით ხილვადი მხოლოდ მისი "წვერია", ორგანოს დიდი ნაწილი კი სხეულის შიგნით იმალება.

ანალოგიური სიტუაციაა ინფორმაციული კუთხითაც: აქამდე მიჩნეული იყო, რომ კლიტორში დაახლოებით 8 ათასი ნერვული დაბოლოება გვხვდება ("ორჯერ" მეტი, ვიდრე პენისში) თუმცა გენიტალიების ინერვაციასთან (ნერვული ბოჭკოებით ქსოვილის უზრუნველყოფა) დაკავშირებით არსებული მონაცემები სინამდვილეში ძველ კვლევებს ეფუძნება, რომლებიც, არც მეტი, არც ნაკლები, ძროხებზე ჩაატარეს და ადამიანის ანატომიაზე განაზოგადეს.

ახალი კვლევის თანახმად, კლიტორში არსებულ ნერვულ ბოჭკოთა რიცხვი დაახლოებით 10 ათასს უტოლდება. ნაშრომის ავტორმა, ბლერ პიტერსმა, მიგნებები ჩრდილოეთ ამერიკის სქესობრივი მედიცინის ასოციაციისა და სქესობრივი მედიცინის საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებულ სამეცნიერო შეხვედრაზე წარადგინა. კვლევა სფეროს სპეციალისტებს ჯერ არ მიმოუხილავთ.

პიტერსი, კერძოდ, ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პლასტიკური ქირურგია. იგი გენდერ-აფირმაციული ზრუნვის კუთხით მუშაობს, რაც სხეულის გადაკეთებას გულისხმობს გენდერული იდენტობის შესაბამისად. მეცნიერმა კვლევის ჩასატარებლად კლიტორული ნერვის ქსოვილი 7 ტრანსმასკულინური მოხალისისგან მოიპოვა, რომლებმაც მასთან შესაბამისი პროცედურა ჩაიტარეს.

მიკროსკოპის ქვეშ პიტერსმა და მისმა კოლეგებმა კლიტორის დორსალურ ნერვში საშუალოდ 5 140 ნერვული ბოჭკო დათვალეს, ზემოხსენებულ ორგანოს კი ორი ასეთი ნერვი აქვს. შესწავლილ ნიმუშებს შორის მთლიან კლიტორში ნერვული დაბოლოებების რიცხვი 9 852-იდან 11 086-ამდე მერყეობდა.

საგულისხმოა, რომ პიტერსის კვლევა პირველია, რომლის ფარგლებშიც ადამიანის კლიტორის დორსალურ ნერვში ნერვული ბოჭკოების რაოდენობა დათვალეს.

"განსაცვიფრებელია, რომ კლიტორისავით პატარა რამეში 10 ათასი ნერვული დაბოლოება იყრის თავს", — აცხადებს პიტერსი — "განსაკუთრებით გასაოცარია, თუკი კლიტორს ადამიანის სხეულის სხვა, უფრო დიდ სტრუქტურებს შევადარებთ".

ქირურგის თქმით, ნერვული ბოჭკოების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა ხელში გამავალი საშუალო ნერვიც, რომელსაც 18 ათასი ასეთი ბოჭკო აქვს, თუმცა იგი კლიტორზე (იგი დაახლოებით 10 სანტიმეტრი სიგრძისაა) გაცილებით დიდია.

ქალისა და კაცის გენიტალიებს შორის განსხვავებულ მგრძნობელობას რაც შეეხება, მიჩნეულია, რომ კლიტორი პენისზე ორჯერ მგრძნობიარეა, თუმცა ამ კუთხით, რიცხვების გარდა, სხვა ნიუანსიც უნდა გავითვალისწინოთ — ორივე სასქესო ორგანოს ერთი და იგივე ემბრიოლოგიური საწყისი აქვს, ანუ, სავარაუდოდ, ჯამურად ორივეს დაახლოებით ანალოგიური რაოდენობის ნერვული დაბოლოება ექნება.

დიდი ალბათობით, მათ შორის განსხვავება ისაა, თუ რამდენად მჭიდროდაა ნერვული დაბოლოებები განაწილებული ცალკეულ ადგილებში. მაგალითად, აქამდე ჩატარებული კვლევების თანახმად, კლიტორის თავზე ნერვების სიმჭიდროვე ადგილ-ადგილ იმაზე გაცილებით უფრო განსხვავდება, ვიდრე პენისის თავის შემთხვევაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლიტორის ზოგიერთი ნაწილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

პიტერსი იმედოვნებს, რომ გენიტალიების ინერვაციის უკეთ შეცნობა მეცნიერებს კლიტორისა და პენისის წარმატებით რეკონსტრუქციაში დაეხმარება. ეს არამხოლოდ გენდერ-აფირმაციული მიზნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, არამედ დაზიანებული სასქესო ორგანოების აღდგენის კუთხითაც იქონიებს გავლენას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.