განცხადებებს ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროები ავრცელებენ. ამ ეტაპზე ადგილობრივ მედიებს დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2020 წლის 10 ნოემბერს, ომის შემდეგ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

  • ამის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა — სხვადასხვა მონაცემით, მეორე ომის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ჩათვლით, რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა;
  • მეზობელი ქვეყნების ურთიერთბრალდებებს სისტემური სახე აქვს, განსაკუთრებით სექტემბრის შემდეგ, როცა კონფლიქტი ისევ განახლდა.

სომხეთი: ამჯერად სომხეთში ამბობენ, რომ 6-7 ნოემბრის ღამეს აზერბაიჯანმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა სომხურ სამხედრო პოზიციებს, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

  • მათი თქმით, მსხვერპლი არ ჰყავთ.
  • და დილის 8 საათისთვის სასაზღვრო ზონაში მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

აზერბაიჯანი: მათი თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 6 ნოემბერს, 19:35 საათიდან 21:50 საათამდე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლებული პუნქტის მიმართულებით სხვადასხვა კალიბრის იარაღის ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს.

  • უწყება მსხვერპლზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.

მოლაპარაკებები: შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტზე სომხეთის პრემიერმინსტრ ნიკოლ ფაშინიანს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა შედგა.

  • ამის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები შეძლებდნენ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მუშაობის დაწყებას, რომელსაც წლის ბოლომდე მოეწერება ხელი.
  • შეთახმდნენ აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიის შექმნაზეც — ევროპის საბჭოს განცხადებით, მისია მაქსიმუმ ორ თვეში დაიწყება და მიზანი ნდობის განმტკიცება და საზღვრის დამდგენი კომისიების მუშაობაში წვლილის შეტანა იქნება.
  • 31 ოქტომბერს კი სოჭში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერმინისტრის შეხვედრა გაიმართა — განიხილეს დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას დაეფუძნება.
  • მათ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა დაადასტურეს ვალდებულება, "ზედმიწევნით შეასრულონ ყველა ყველა პირობა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების" ნორმალიზებისთვის.
  • ასევე, ნათქვამია, რომ შეთანხმდნენ, თავი შეიკავონ ძალის გამოყენების ან მისი გამოყენების მუქარისგან.