ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას განცხადებით ეხმაურება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ კვლავ გააქტიურდა დისკუსია პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

  • IDFI-მ გვარამიას შეწყალების კონსტიტუციური წინაპირობები მიმოიხილა.

შეწყალების საფუძვლები: სამართლის დოქტრინა შეწყალების ინსტიტუტის სამ ტრადიციულ მიზანს განიხილავს:

  • დამნაშავის პატიება, როგორც ჰუმანური აქტი.
  • მართლმსაჯულების ხარვეზის გამოსწორება.
  • სახელმწიფო ინტერესების დაცვა.

IDFI-ის შეფასებით, გვარამიას შეწყალება სწორედ სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურება. რადგან:

  • საქართველოს მოსახლეობის განცხადებული სურვილია ევროკავშირში გაწევრიანება.
  • კანონი პრეზიდენტს ავალებს უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
  • 2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა და მიუთითა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 17 ივნისის მოსაზრებით განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანა – მედიის თავისუფლების დაცვა და პოლარიზაციის შემცირება მათ შორისაა.

გარდა ამისა, IDFI აქვეყნებს ევროსტრუქტურების მიერ მიღებულ დოკუმენტებს, სადაც ნიკა გვარამიას საქმე პირდაპირ არის მოხსენიებული.

  • ევროპული პარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუცია „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევების შესახებ“ პირდაპირ გმობს ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.
  • ევროკომისია 17 ივნისის მოსაზრებაში მიუთითებს, მედიის მფლობელთა წინააღმდეგ სამართალწარმოება მოქმედებს მედიის თავისუფლებაზე და ასეთ საქმეებში საჭიროა უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტების დაკმაყოფილება სახელმწიფოს მხრიდან.
  • პოლიტიკურად სენსიტიურ საქმედაა დასახელებული ნიკა გვარამიას დაკავება 12 აგვისტოს, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიშში.

ორგანიზაციის დასკვნით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების ინსტიტუტის გამოყენება თავსებადია შეწყალების ინსტიტუტის კონსტიტუციურ მიზნებთან.

  • ერთ-ერთი მთავარი კრიტიკული მედიის დირექტორის დაკავება იქცეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ დამაბრკოლებელ გარემოებად.
  • ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის პირად კონსტიტუციურ პასუხისმგებლობად შეიძლება იქნეს განხილული.