ლოს-ანჯელესში მალე გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის პროვოკაციული სასამართლო განხილვა დაიწყება. საქმე ისაა, რომ დანაშაულში Tesla-ს ავტომობილი ფიგურირებს. ის ავტოავარიისას ავტოპილოტის რეჟიმით მოძრაობდა. შემთხვევამ ამერიკელი წყვილის სიცოცხლე იმსხვერპლა,

Reuters-ის მიხედვით, ეს ამ ტიპის პირველი საქმეა, რომელსაც მძღოლის ასისტენტი პროგრამების დასარეგულირებლად პრეცედენტის შექმნა შეუძლია.

სასამართლო განხილვის დაწყებამდე დაცვის ზუსტი პოზიცია ვერ გვეცოდინება, თუმცა ვიცით ის, რომ მძღოლი თავს უდანაშაულოდ თვლის, რადგან ტექნიკურად ეს ადამიანი საჭეს არ მართავდა. ეს ფაქტი საქმეს Tesla-ს მიმართულებით ამისამართებს.

"ვინ დაუშვა შეცდომა, მანქანამ თუ ადამიანმა? სახელმწიფოს გაუჭირდება მძღოლის დანაშაულის დამტკიცება, რადგან საქმის ნაწილს Tesla ასრულებდა", — განაცხადა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა ედუარდ უოლტერსმა Reuters-თან ინტერვიუში

რაც შეეხება საქმის დეტალებს, ავტოკატასტროფა 2019 წელს მოხდა. მთავარი ეჭვმიტანილი კევინ ჯორჯ აზიზ რიადია, რომლის Tesla Model S-მა შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გაიარა და Honda Civic-ს შეასკდა, რომლითაც ორი ადამიანი გადაადგილდებოდა. შეჯახების შედეგად ორივე მათგანი გარდაიცვალა.

ავტომობილის მონაცემების მიხედვით, რიადს არ გამოუყენებია მუხრუჭი, თუმცა ხელები საჭეზე ჰქონდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავტოპილოტის რეჟიმი შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე ჩაირთო.

რიადის წინააღმდეგ საქმე გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის მუხლით აღიძრა. პროკურორი ამტკიცებს, რომ მძღოლის ქმედებები დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო იყო.

მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებისა, რიადის ადვოკატები ბრალს Tesla-ს ავტოპილოტს სდებენ და ამტკიცებენ, რომ რიადი არ უნდა დაისაჯოს.

Tesla უკვე დიდი ხანია ყურადღების ცენტრშია ავტოპილოტისა და ე.წ სრულად თვითმართვადი პროგრამის გამო, მიუხედავად კომპანიის აღიარებისა, რომ ეს ფუნქციები ავტომობილს აბსოლუტურად ავტონომიურად არ აქცევს და მძღოლი საჭესთან ყურადღებით უნდა იყოს.

კრიტიკოსების აზრით, Tesla-ს მარკეტინგი ატყუებს მომხმარებელს და მცდარია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მტკიცება, თითქოს მისი ავტომობილები გზებს უსაფრთხოდ აქცევენ.

ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ავტოპილოტის მომხმარებელთა 42% თავს კომფორტულად გრძნობს, როცა თავის ავტომობილს სრულად თვითმართვადად აღიქვამს.

სახელმწიფო უწყებებმა საკითხს, როგორც ჩანს, ყურადღება უკვე მიაქციეს. Reuters-ის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო.

გასულ წელს, საავტომობილო გზების უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) გამოაცხადა, რომ გამოიძიებს ავარიებს, რომლებშიც Tesla-ს ავტომობილები გადაუდებელი დახმარების სამსახურის გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახნენ.

სასამართლოს აქვს შანსი, პრეცედენტი შექმნას. იყო თუ არა რიადი სრულად დამნაშავე, თუ Tesla-ც ინაწილებს ბრალს? ახლა ყველაფერი მოსამართლის ხელშია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.