ამის შესახებ წერს აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის სააგენტო Apsnypress და დე ფაქტო ადმინისტრაცია.

დეტალები: დე ფაქტო ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით ვიგებთ, რომ ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელორუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.

  • ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე არტემ ტუროვი.
  • განცხადებები გამოქვეყნებულია პირველ ნოემბერს, შესაბამისად, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს ჩავიდა საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელარუსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს და საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.

  • 28 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჩავიდა.
  • მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი დაიბარეს.
  • ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი ფიქრობდა, რომ შესაბამისი რეაგირება გამოიხატება ორ რამეში — უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებებსა და ელჩის დაბარებაში.

ოკუპაციის შესახებ კანონის თანახმად, ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებების გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

  • კანონში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
  • წესი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფს საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით; ასევე, იმ პირზე, რომელზედაც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

გარდა ამისა, დე ფაქტო ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ბჟანიას რწმენით", ყოველი ასეთი "შეხვედრა" გააძლიერებს "მეგობრობას აფხაზეთის, რუსეთისა და ბელორუსის ხალხებს შორის".

  • "ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, დიდი ხნის წინ დავმეგობრდით", — თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა.