განცხადებას ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დღეს, 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობაში დატოვა.

  • გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში — ე.წ. რეკლამის გაყიდვისა და ავტომანქანის საქმეებზე.
  • სახალხო დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აქამდეც ამბობდა, რომ გვარამიას საქმეზე, განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, არაერთი ხარვეზი არსებობს.

დეტალები: არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიზანი მთავარი არხის დამფუძნებლის დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა.

  • მათი განცხადებით, ბრალდებების უსაფუძვლობაზე სახალხო დამცველის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრებებიც მიუთითებდა.
  • "ამ მოსაზრებების თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება", — ნათქვამია განცხადებაში.
  • NGO-ების თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები მოსამართლეთა კორპუსს, მათ შორის, მიუკერძოებელ მოსამართლეებსაც ჩრდილს აყენებს.
  • "მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც ზიანს აყენებს მედიაგარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, აცდენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების სულისკვეთებას და ხელს უშლის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.