არქეოლოგებმა და მოხალისეებმა აღმოაჩინეს ქვა, იდუმალი წარწერით და მოჩუქურთმებული ფრინველებით, რომელიც შოტლანდიელმა პიქტებმა ათასწლეულზე მეტი ხნის წინ დაამზადეს. გასულ თვეში პატარა სასაფლაოზე ნაპოვნი ჯვრის ფილა თარიღდება ახ.წ. 500-700 წლებით და ნათელს ჰფენს ჩრდილოეთ გაერთიანებულ სამეფოში მემკვიდრეობასა და რწმენას შორის ისტორიულ ურთიერთქმედებას.

პიქტებს ეს სახელი, რომელიც "მოხატულ ადამიანებს" ნიშნავს, რომაელმა ისტორიკოსებმა უწოდეს მათი სავარაუდო საომარი მოხატულობისა და ტატუების გამო ("picti", ლათინური სიტყვა და "საღებავს" ნიშნავს). ისინი ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ შოტლანდიაში ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში. სავარაუდოდ, კელტური ტომების შთამომავალი პიქტები განთქმულები იყვნენ რომაელ დამპყრობლებთან წარმატებული წინააღმდეგობის გაწევით. მაშინ, როცა რომაელები პიქტებს ბარბაროსებად და ჩამორჩენილებად ხატავდნენ, ისინი, ძირითადად, წარმოადგენდნენ ფერმერებს, რომლებსაც მოჰყავდათ მარცვლეული და მწყემსავდნენ შინაურ ცხოველებს.

მას შემდეგ, რაც რომის იმპერია გამოვიდა ბრიტანეთის კუნძულებიდან მეხუთე საუკუნეში, პიქტური საზოგადოება გაიზარდა და ჩამოაყალიბდა მუდმივ, მაგრამ არასტაბილურ მონარქიად, რომელიც მიზნად ისახავდა თავისი ტერიტორიული საზღვრების დაცვას. ირლანდიის ადრეულმა მისიონერებმა ქრისტიანობაზე გადმოიყვანეს პიქტლანდიის მრავალი მეფე მეექვსე საუკუნის შუა წლებში. შემდეგ, დუნ ნეხტაინის ბრძოლაში ახ. წ. 685 წელს, პიქტებმა ბრიტანელები შოტლანდიიდან გააძევეს და შექმნეს მინი-იმპერია, რომელიც გაგრძელდა, დაახლოებით, ახ.წ. 900 წელსა და ვიკინგების ჩამოსვლამდე.

მაგრამ ახლად აღმოჩენილი ჯვრის ფილა — ნაპოვნი ძველი კილმადოკის სასაფლაოზე, დუნის (შოტლანდია) რეგიონის მახლობლად, რომელიც ისტორიულად ბუფერული ზონა იყო პიქტებსა და რომაელებს, მოგვიანებით კი ბრიტანელებს შორის — ართულებს ამ მოწესრიგებულ ისტორიას. "ჯვრის ფილა პირველია ამ რეგიონში და შეიძლება ნიშნავდეს, რომ მაცხოვრებლებმა დაიწყეს საკუთარი თავის პიქტებად აღქმა", — განუცხადა Live Science-ს სტირლინგის საბჭოს არქეოლოგმა, მიურეი კუკმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ბოლო გათხრებს.

ფოტო: Murray Cook / Stirling Council

ფოტო: Murray Cook / Stirling Council

ადრეული შუა საუკუნეების შოტლანდიის მოჩუქურთმებული ქვები შედარებით გავრცელებულია, მაგრამ ახლად აღმოჩენილ ქვას ძველი კილმადოკის სასაფლაოდან, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის გათხრილი, აქვს სამი დამაინტრიგებელი თვისება: მომრგვალებული თავი, ცხოველების ფიგურული დეკორაციები და შუა საუკუნეების ანბანით, ე.წ. ოღამით, შესრულებული წარწერა.

ძველ კილმადოკში აღმოჩენილი 119 სმ სიმაღლისა და 82 სმ სიგანის ქვა ზომითა და ფორმით საფლავის ქვის მსგავსია. თუმცა, ექსპერტების აზრით, მას მრავალი სხვა ფუნქცია შეიძლება ჰქონოდა.

კელი კილპატრიკმა, ისტორიკოსმა და გლაზგოს უნივერსიტეტის კელტიკოსმა, Live Science-ს განუცხადა, რომ ჯვარედინი ფილები "შეიძლება იყოს საფლავის ნიშნები და გამოიყენებოდა გამოსახულების საშუალებით ქრისტიანული შეტყობინებების გადასაცემად დაბალი ფენის აუდიტორიისთვის. ზოგჯერ ამ ტიპის ძეგლებზე პოულობთ ადგილობრივი პიქტური რელიგიის იკონოგრაფიას, რომელიც შერეულია ქრისტიანულ იკონოგრაფიასთან." მაგრამ მისი მომრგვალებული თავი და წრიული, კვანძოვანი ჯვარი ძველ კილმადოკის ქვას აქცევს პიქტური ჯვრის ფილის იშვიათ ტიპად.

"გრაგნილების ბოლოები ჩიტის თავებით მთავრდება; ისინი შეიძლება იყვნენ ვარხვები, რადგან არსებობს ტრადიცია, რომ ვარხვის მიერ საკუთარი ხორცის მოგლეჯა შვილების გამოსაკვებად, ეხმიანება ქრისტეს და საიდუმლო სერობას, რომელიც შემდგომ ხდება ზიარება", — განმარტა კუკმა. მის ქვემოთ არის პიქტური სტილის მოჩუქურთმებული ოთხფეხა ცხოველი, რომელიც ხარს ჰგავს. "ხარი შეიძლება იყოს ოჯახის, რეგიონის ან ღმერთის სიმბოლო", — დასძინა მან.

ფოტო: ULADZIMIR ZGURSKI via Getty Images

ქვის გვერდით შემოვლებულმა ოღამის წარწერამ მკვლევრები გააოცა. ოღამი გამოიყენებოდა ირლანდიური ენის ადრეული ვერსიის დასაწერად და ჩამოყალიბდა ცენტრალური ხაზის გასწვრივ პარალელური შტრიხებითა და დახრილებით. ამ წარწერებიდან, დაახლოებით, 400 დღემდეა შემორჩენილი, ძირითადად, ირლანდიაში, მაგრამ ძველი კილმადოკის წარწერა პირველია, რომელიც იპოვეს ცენტრალურ შოტლანდიაში.

კელი კილპატრიკმა, რომელიც თარგმნის წარწერას, თქვა, რომ "შეუძლებელია ოღამის წარწერის წაკითხვა, სანამ ქვა არ აიწევა, რადგან ოღამი ქვის კიდეზეა დაწერილი და ასოები შეიძლება ვრცელდებოდეს მის ორივე მხარეს". თუმცა, ოღამის წარწერები, როგორც წესი, ასახავს მდიდარი ან ძლიერი ადამიანების სახელებს.

"ძველი კილმადოკის ჯვარი უზარმაზარი ახალი აღმოჩენაა", — განუცხადა Live Science-ს ადრიან მალდონადომ, შოტლანდიის ეროვნული მუზეუმების მკვლევარმა, რომელიც არ მონაწილეობდა ამ კვლევაში. "აღმოჩენის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ოღამის წარწერა; როდესაც ის სრულად გამოვლინდება, მას შეუძლია, უფრო მეტი გვითხრას იმ ენაზე, რომელზეც საუბრობდნენ ამ მხარეში ძალაუფლების მქონე პირები, და ისტორიულ წყაროებს პოტენციურად დაამატოს ახალი, ჩაუწერელი სახელი მოკლე დროში."

კუკი ვარაუდობს, რომ ჯვრის ფილა თავდაპირველად გამოიყენებოდა როგორც "საზოგადოებრივი ქანდაკება, რომელიც აღმართული იყო მდიდარი მფარველის მიერ მათი პიქტური მემკვიდრეობისა და ქრისტიანული რწმენის აღსანიშნავად. ოღამი ასახავს ირლანდიელი ქრისტიანების გავლენას." ძველი კილმადოკის სასაფლაოს სხვა ნაწილების აღმოჩენები ადასტურებს ამ ინტერპრეტაციას: ნაპოვნია კიდევ სამი წარწერიანი ქვა ორ სხვადასხვა ანბანში. "ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ წიგნიერი და ინტელექტუალური რელიგიური საზოგადოება. იქ, დიდი ალბათობით, მონასტერი იყო", — აღნიშნა კუკმა.

პიქტური ჯვრის ფილა, სავარაუდოდ, იმიტომ გადარჩა, რომ იგი ხელახლა გამოიყენებოდა მოგვიანებით, როგორც საფლავის ქვა ძველი კილმადოკის სასაფლაოზე. კუკი და კილპატრიკი გეგმავენ ჯვრის ფილის შემდგომ შესწავლას, როგორც კი ის სრულად გაითხრება და მისი ნაჭრები ერთმანეთს დაუბრუნდება. ძველი კილმადოკის ადგილობრივ მაშველთა ჯგუფთან თანამშრომლობით, ისინი ამჟამად აგროვებენ სახსრებს ამ ანალიზისთვის, რომელიც ათასობით დოლარი დაჯდება.

"ეს აღმოჩენა გვიჩვენებს არქეოლოგიური გამოკვლევის ღირებულებას შოტლანდიაში ადრეული ეკლესიის ადგილებისა, რომლებიდანაც ძალიან ცოტაა გათხრილი. ეს არის უზარმაზარი გამარჯვება საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევისთვის, რაც ღირებულებას აძლევს მემკვიდრეობას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზეებზე", — დაასკვნა მალდონადომ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.