ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, კარენ ბეკერმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება ფუტკრებთან, დელფინებსა და სპილოებთან კომუნიკაციისთვის და მის განვითარებაზე ისაუბრა.

"ახლა ეს ბადებს ძალიან სერიოზულ ეთიკურ კითხვას; სხვა სახეობებთან საუბრის უნარი დამაინტრიგებლად და მომხიბვლელად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ან ნათესაობის უფრო ღრმა გრძნობების შესაქმნელად, ან ბატონობის გრძნობის გასაღვივებლად და ველური სახეობების მოსაშინაურებლად მანიპულირების უნარისთვის",განმარტა ბეკერმა.

მან მიუთითა გერმანიაში ფუტკრებთან კომუნიკაციისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე.

"გერმანიის მკვლევართა ჯგუფმა დაშიფრა ფუტკრის სიგნალები რობოტში, რომელიც მათ სკაში გზავნის", — თქვა ბეკერმა. "ამ რობოტს შეუძლია, გამოიყენოს ფუტკრების ტალღოვანი საცეკვაო კომუნიკაცია, რათა ფუტკრებს უთხრას, რომ შეწყვიტონ მოძრაობა, და მიასწავლოს, სად უნდა გაფრინდნენ ნექტრის კონკრეტული წყაროსთვის. კვლევის შემდეგი ეტაპი არის ამ რობოტების ჩანერგვა ფუტკრის სკებში, რათა სკებმა ეს რობოტები დაბადებიდან თავიანთი საზოგადოების წევრებად მიიღოს."

ბეკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ასეთ შემთხვევაში, ადამიანებს ექნებოდათ "უპრეცედენტო კონტროლი" ამ სკებზე — ფაქტობრივად, "მოიშინაურებდნენ" მათ.

"ეს ქმნის ცხოველების ექსპლუატაციური გამოყენების შესაძლებლობას; და არსებობს ცხოველების სამხედრო გამოყენების დიდი ისტორია, ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომელიც, ჩემი აზრით, იწვევს უამრავ განგაშის ზარს", — თქვა მან.

ბეკერის აზრით, რომელიც განიხილავს უახლეს ტექნოლოგიას თავის წიგნში, The Sounds of Life: How Digital Technology Is Bringing Us Closer to the Worlds of Animals and Plants (სიცოცხლის ხმები: როგორ გვაახლოვებს ციფრული ტექნოლოგია ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსთან), ამ შეშფოთებამ არ უნდა შეაჩეროს მეცნიერები ცხოველებთან კომუნიკაციაში.

მან ისიც აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ცხოველებთან კომუნიკაციაში ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ადამიანები ცდილობდნენ წარსულში. მაგალითად, მან მიუთითა პრიმატებისთვის ვერბალური ან ჟესტების ენის სწავლებაზე და ამას უწოდა "ანთროპოცენტრული ხედვა". ამისაგან განსხვავებით, ახლა კვლევა და ტექნოლოგია ორიენტირებულია სხვადასხვა სახეობის ქცევებსა და შაბლონებზე. ბეკერმა განმარტა, რომ პროცესი იწყება ხმების ჩაწერით, რომელსაც ცხოველები და მცენარეები გამოსცემენ, რათა აღმოაჩინონ შაბლონები და დააკავშირონ ისინი ქცევებთან.

"რასაც [ეს მკვლევრები] აკეთებენ არ არის ამ სახეობებისთვის ადამიანური ენის სწავლების მცდელობა, არამედ, არსებითად, სიგნალების ლექსიკონების შედგენა და შემდეგ იმის დადგენა, თუ რას ნიშნავს ეს სიგნალები ამ სახეობებში", — განაცხადა მან.

ჯერჯერობით, კვლევამ დაადგინა, რომ სპილოებს აქვთ განსხვავებული სიგნალები ფუტკრებისთვის — რომლებსაც ისინი საფრთხედ მიიჩნევენ — და ადამიანებისთვის. ამას გარდა, სპილოებს შეუძლიათ, ერთმანეთისგან გაარჩიონ ადამიანები, რომლებიც მათთვის საფრთხეს წარმოადგენენ და ადამიანები, რომლებიც მათ არ ემუქრებიან.

"სასაცილოა, რომ ადამიანები, როგორც სახეობა, მიდრეკილნი არიან სჯეროდეთ, რომ ის, რასაც ჩვენ ვერ დავაკვირდებით, არ არსებობს", — თქვა ბეკერმა. "ანუ ყველა ეს ბგერა ჩვენს ყურებთან იყო, თუმცა განსაკუთრებით დასავლურ მეცნიერებაში არსებული ტენდენციის გამო, რომლისთვისაც მხედველობა უფრო პრივილეგირებულია, ჩვენ უბრალოდ არ ვუსმენდით მათ."

ასევე იხილეთ: ის, რაც აქამდე არ გვსმენია — მეცნიერებმა აქამდე უხმოდ მიჩნეული 53 არსების ხმა გაგვაგონეს

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.