Warwick Prize for Women in Translation-ის ყოველწლიური დაჯილდოება ნოემბერში გაიმართება. ჟიურიმ უკვე გამოავლინა შერჩეული ლიტერატურის სია, რომელშიც დიანა ანფიმიადის ლექსების კრებული — რატომ აღარ ვწერ ლექსებს მოხვდა.

აღნიშნული პრემია ყოველწლიურად ლიტერატურული ნამუშევრების ინგლისურენოვანი თარგმანის ავტორებს გადაეცემათ, ხოლო შერჩეული ტექსტი ბრიტანეთის ან ირლანდიის გამომცემლობის მიერ უნდა იყოს გამოქვეყნებული. პრემია 2017 წელს უორვიკის უნივერსიტეტმა დააწესა და გამარჯვებული უკვე მე-6 წელია, ჯილდოდ 1000 ფუნტს (1147 დოლარს) იღებს.

დიანა ანფიმიადის რატომ აღარ ვწერ ლექსებს ქართულად და ინგლისურად 2022 წელს გამოიცა. ინგლისურად ლექსები ნატალია ბუკია-პეტერსმა და პოეტმა ჯინ სპრაკლენდმა თარგმნეს. აღსანიშნავია, რომ რატომ აღარ ვწერ ლექსებს ავსტრიულმა გამომცემლობამაც დაბეჭდა. კრებულმა გერმანულენოვანი მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა.

დიანა ანფიმიადი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. 2009 წელს პოეტური კრებულისთვის შოკოლადი წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში დიანამ პრემია საბა მიიღო. 2008 წელს ანფიმიადი გალას კონკურსის ნომინანტი და პრემია წეროს გამარჯვებული გახდა.