რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ბირთვული ომის საფრთხე, კარიბის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე აიყვანა. მთავარ შემაკავებელ ფაქტორად ახლაც მოწინააღმდეგესთან ერთად საკუთარი თავის განადგურების შიში რჩება. ფორმულა უკვე შვიდ ათეულ წელზე მეტია რაც წარმატებით მუშაობს. წინასწარ იმის თქმა, გაბედავს თუ ვერა პუტინი 77 წლიანი ტაბუს დარღვევას, შეუძლებელია, თუმცა თეორია ბევრია.

ომი ისეთივე ძველია, როგორც სახელმწიფო. ადამიანები მშვიდობიანად არც ქვის ხანაში თანაცხოვრობდნენ, მაგრამ ტომთა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას ომი არ ერქვა. საუკუნეთა განმავლობაში საბრძოლო იარაღები იხვეწებოდა, იზრდებოდა ომის მასშტაბებიც. ომებმა დროთა განმალობაში ბიზანტიისა და სხვა დიდი იმპერიების მსგავსად, საქართველოს მეზობლად მყოფი ალბანეთი და მისი მსგავსი სხვა პატარა სახელმწიფოებიც გაანადგურეს. სახელმწიფოებთან ერთად ეროვნებები და ენებიც ქრებოდა, მაგრამ მათ ადგილს სხვა იკავებდა. 1945 წლამდე კაცობრიობას ადამიანის ხელით სრული განადგურება არ დამუქრებია. ყველაფერი 1945 წლის 16 ივლისს ალამოგორდოს უდაბნოში პირველი ბირთვული გამოცდის შემდეგ შეიცვალა. ამის დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ პოპულარული გადმოცემის თანახმად, აინშტაინს ჰკითხეს თუ რა იარაღი იქნებოდა გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მან კი თქვა, რომ პასუხი არ ჰქონდა, თუმცა დანამდვილებით იცოდა, რომ მეოთხე მსოფლიო ომში ქვებსა და ხელკეტებს გამოიყენებდნენ.

ბირთვული იარაღის როლი გლობალურ წესრიგში

ბირთვული იარაღი ომში 1945 წლის 6-9 აგვისტოს პირველად და უკანასკნელად გამოიყენეს. ჰიროშიმასა და ნაგასაკში ნგრევისა და რადიაციის შედეგად ჯამში 230 000-დან 300 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, უმრავლესობა არასამხედრო. აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტ ტრუმენის გადაწყვეტილების თაობაზე დღემდე გრძელდება. ადამიანთა ერთი ჯგუფის მტკიცებით, აშშ ომს ისედაც იგებდა და აფეთქებები მხოლოდ ძალის დემონსტრირება იყო, ნაწილის აზრით კი ორმა ბომბმა ომის დასრულება რამდენიმე თვით დააჩქარა.

1945-ის შემდეგ, კაცობრიობა ომს ვერ გადაეჩვია, თუმცა გეოგრაფიული არეალი შემცირდა. გარდა იმისა რომ მესამე მსოფლიო ომი აღარ მომხდარა, აღარც ორ მდიდარ და განვითარებულ სახელმწიფოს უომია ერთმანეთში. ბრიტანეთი და საფრანგეთი, საფრანგეთი და გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი, კორეა და იაპონია ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევას ომით აღარ ცდილობენ. ყველა ომში რაც კი ბოლო 77 წლის განმავლობაში მომხდარა, ორივე ან ერთ-ერთი მხარე მაინც იყო სუსტი და ღარიბი.

მდიდარი სახელმწიფოები ერთმანეთში იმიტომ არ ომობენ, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი ზარალი სარგებელზე მეტი იქნება, მესამე მსოფლიო ომი კი ურთიერთგანადგურების შიშით იქნა აცილებული.

ჯერ კიდევ 1950 წელს კორეის ომი გაჩაღდა. ის ყველაზე სისხლიანი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბრძოლები 3 წელიწადს გაგრძელდა, 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ბოლოს საზღვარი ისევ 38-ე პარალელს დაუბრუნდა. შეერთებულ შტატებს ბირთვული იარაღი აღარ გამოუყენებია, მსგავსი ბრძანება არც სტალინს გაუცია.

ბირთვული იარაღი არ გამოუყენებიათ არც ვიეტნამის და არც ავღანეთის ომში. საღი აზრი გვკარნახობს, რომ "წითელ ღილაკს" არც ახლა უნდა დააჭირონ.

ვის რა შეუძლია

ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბი რაც კი ოდესმე აუფეთქებიათ იყო ე.წ. დედა ბომბი, რომელიც 2017 წელს ტრამპის ბრძანებით ავღანეთში გვირაბში შეფარებული თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ გამოიყენეს. ბომბის სიმძლავრე 11 ტონა ტროტილის ექვივალენტს შეადგენდა. რუსეთი ამტკიცებს რომ ე.წ. მამა ბომბი აქვს, რომელიც 4-ჯერ უფრო ძლიერია, ანუ 44 ტონიანია. ჰიროშიმაში ჩამოგდებული ბომბის სიმძლარე კი 13 კილოტონას ანუ 13 000 ტონა ტროტილის ექვივალენტს შეადგენდა.

ბირთვულის გარდა არსებობს კიდევ უფრო მძლავრი, თერმობირთვული შეიარაღება — იგივე წყალბადის ბომბი. მისი სიმძლავრე კი უკვე არა კილოტონებში, არამედ მეგატონებში იზომება.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბომბი, რაც კი ოდესმე დედამიწაზე აფეთქებულა, იყო "მეფე ბომბი" რომელიც ხრუშჩოვის ბრძანებით 1961 წლის 30 ოქტომბერს ნოვაია ზემლიაზე გამოსცადეს. ბომბი ფიზიკურად 27 ტონას იწონიდა, რის გამოც სპეციალურად მისთვის შორი მოქმედების სტრატეგიული მძიმე ბომბდამშენი TU-95 შექმნეს. ბომბის სიმძლავრემ 50-58 მეგატონა შეადგინა, რაც დაახლოებით 1 570-ჯერ მეტი იყო ვიდრე ჰიროშიმა და ნაგასაკი ერთად. 10-ჯერ მეტი ვიდრე მეორე მსოფლიო ომში გამოყენებული ყველა ბომბი. ხრუშჩოვი 100-მეგატონიან ბომბს ითხოვდა, მაგრამ როგორღაც მისი გადარწმუნება მოხერხდა. ბოლოს და ბოლოს ბომბს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ცდიდნენ, ამასთან მიუხედავად იმისა, რომ ვარდნის სიჩქარის შესამცირებლად პარაშუტი გამოიყენეს, 100 მეგატონის შემთხვევაში ეკიპაჟის დაღუპვის რისკი იზრდებოდა. ცეცხლის უფრო დიდ ბურთს ისინი ვეღარ გაასწრებდნენ. ბოლოს მათ 50%-იანი შანსი მისცეს. აფეთქება 4 000 მეტრის სიმაღლეზე მოხდა, ცეცხლოვანი ბურთის დიამეტრმა 8 კილომეტრს გადააჭარბა, სოკოს ღრუბლის სიმაღლემ 67 კილომეტრს. აფეთქების ტალღამ დედამიწას 3-ჯერ შემოუარა.

1945 წელს შეერთებულმა შტატებმა მთელი თავისი და შესაბამისად, მთელი მსოფლიოს ბირთვული არსენალი გამოიყენა. დღეს კი ყველა ქობინის ერთდროულად აფეთქების შემთხვევაში სიცოცხლე თუ არა, ცივილიზაცია გარანტირებულად დასრულდება პლანეტაზე.

2022 წლის მდგომარეობით, ბირთვულ კლუბში სულ 9 სახელმწიფოა გაწევრიანებული და მათ ჯამში 13 100 ქობინი გააჩნიათ. გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთს სულ 6 257 ქობინი აქვს, საიდანაც 1 458 მზადყოფნაშია, 3 039 გამოსაყენებლად შესაძლებელი, 1 760 კი ჩამოსაწერად გამზადებული. შეერთებულ შტატები 5 550 ბომბს ფლობს, საიდანაც 1 389 სტარტისთვისაა გამზადებული, 2 361 გამოსაყენებლად შესაძლებელი და 1 800 ჩამოსაწერი. ჩინეთის განკარგულებაში 350 ქობინია, საფრანგეთს 290 ბომბი ეკუთვნის, ბრიტანეთს — 225, პაკისტანს —165, ინდოეთს —156, ისრაელს — 90 და ჩრდილო კორეას — 50. რეალური რიცხვები, განსაკუთრებით ჩინეთის შემთხვევაში, შესაძლოა, ოფიციალურისგან განსხვავდებოდეს.

ბირთვული ქობინები

ბირთვული ქობინები

უპირატესობა მხოლოდ ბომბების რაოდენობაში არ გამოიხატება. უმნიშვნელოვანესია ისიც, ვის საიდან შეუძლია სროლა და ნასროლის განეიტრალება. კონტინეტთაშორისი რაკეტები შეერთებულ შტატებსაც გააჩნია, რუსეთსაც და ჩინეთსაც. მათ საკუთარი ტერიტორიიდან პლანეტის ნებისმიერ წერტილზე შეუძლიათ რაკეტის სროლა, მაგრამ რაც უფრო შორია მანძილი სტარტიდან მიზნამდე, მოწინააღმდეგეს მის გასანეიტრალებლად და საპასუხო ცეცხლის გახსნისთვის მით მეტი დრო რჩება. სწორედ ამის გამო მათი გასროლა რაკეტების გარდა თვითმფრინავიდან, გემიდან და წყალქვეშა ნავიდანაც შესაძლებელია. შედარებით მცირე ზომის ე.წ. ტაქტიკური ქობინი ჩვეულებრივ ქვემეხშიც თავსდება.

არც ერთ სახელმწიფოს ისეთი ანტისარაკეტო ფარი არ გააჩნია, რომელიც ყველა რაკეტას გაანეიტრალებს. გარდა ამისა ქობინების ჰაერში აფეთქება ნგრევასა და რადიაციას მაინც გამოიწვევს.

ბირთვული ომის დაწყებასთან მსოფლიო ყველაზე ახლოს 1962 წლის ოქტომბერში კარიბის კრიზისის დროს იდგა, მაგრამ ეს ერთადერთი თარიღი არ ყოფილა. არსებობს ნაკლებად გახმაურებული ფაქტებიც. 1983 და 1995 წლებში რუსულმა რადარებმა ორჯერ შეცდომით მათკენ ნასროლი ბირთვული რაკეტები დააფიქსირეს. პირველ შემთხვევაში ის უბრალოდ ცრუ განგაში იყო, რაშიც საბჭოთა კავშირის სტრატეგიული სარაკეტო ძალების პოდპოლკოვნიკი სტანისლავ პეტროვი მალევე დარწმუნდა და უმაღლესი სარდლობისთვის საპასუხო დარტყმის რეკომენდაცია არ გაუცია. მეორედ კი აპოკალიფსის მომასწავებლად ნორვეგიული მეტეოროლოგიური რაკეტა მიიჩნიეს. ექსპერიმენტის შესახებ ნორვეგიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი აცნობა, მაგრამ ამ უკანსაკნელს გენშტაბისთვის არაფერი გადაუცია, რამაც მსოფლიო კინაღამ კიდევ ერთხელ მიიყვანა განადგურების პირას.

რუსეთ-ამერიკის გარდა, კონვენციური შეიარაღებით რამდენიმე სასაზღვრო ინციდენტი ინდოეთ-პაკისტანს შორისაც მოხდა, საქმე უფრო შორს არ წასულა. ყველაზე ბევრს ჩრდილოეთ კორეა იმუქრება. კიმ ჩენ ინს შესწევს ძალა საკუთარი მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ მზეზე ღამით ასტრონავტები გადასხეს, მაგრამ იმდენს მაინც ხვდება, რომ საბედისწერო გასროლის შემთხვევაში ფხენიანს განადგურება ემუქრება.

უკრაინაში შეჭრის დღიდან ბირთვული იარაღის გამოყენებით პუტინიც იმუქრება. თუ არ ჩავთვლით ნახსენებ ორ შეცდომას, მისი გამოყენების ალბათობა კარიბის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალია, მაგრამ არა გარდაუვალი.

სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის შემთხვევაში ცივილიზაცია უპირობოდ ნადგურდება, სიცოცხლე შეიძლება არ მოისპოს, მაგრამ ვინც ნგრევასა და რადიაციას გადაურჩება, მათი დიდი ნაწილი ბირთვულ ზამთარს შეეწირება.

ბირთვული იარაღის ლოკალურად გამოყენების შემთხვევაშიც დიდი მსხვერპლის გარდა, 77-წლიანი ტაბუს მოხსნით მსოფლიო წესრიგიც შეიცვლება. უშუალოდ მსხვერპლის რაოდენობა ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, პირველ რიგში ადგილმდებარეობაზე. 2 000-ზე მეტი დეტონაციიდან ნგრევა და მსხვერპლი მხოლოდ ორმა გამოიწვია. დაუსახლებელ პუნქტში ის შედარებით უსაფრთხოა, თუმცა გარემოს მაინც აბინძურებს, ფრონტის ხაზზე ათასობით ან ათია ათასობით დაღუპულს მივიღებთ, დიდ ქალაქში დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა მილიონს გადააჭარბოს. გეოგრაფული არეალის შემდეგ მნიშვნელოვანია ბომბის სიმძლავრე 1-კილოტონიანი და 10-მეგატონიანი ბომბი სხვადასხვა მასშტაბის იქნება. გასათვალისწინებელია ქარის მიმართულებაც, საით წავა რადიაციული ღრუბელი, ასევე, ისიც თუ რამდენად სწრაფად მოხდება მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია. ჰიროშიმაში ნაგასაკთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ გარშემო მთებმა დარტყმის ტალღა ვერ გაფანტა.

ბირთვული საფრთხე უკრაინაში

ხშირად, განსაკუთრებით უკრაინის კონტექსტში ე.წ. ტაქტიკურ ბომბზეც საუბრობენ. თავის დამშვიდება, რომ ის მცირე სიმძლავრისაა, უბრალოდ თავის მოტყუებაა. მართალია მისი სიმძლავრე მეგატონების ნაცვლად კილოტონებში განისაზღვრება, მაგრამ ასეთმა "მცირე" სიმძლავრის 100-კილოტონიანი ბომბი ჰიროშიმასთან შედარებით 7,5-ჯერ მეტ ნგრევასა და რადიაციას გამოიწვევს.

უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მხოლოდ ეკონომიკური სანქციების გაძლიერება — თუნდაც სრული სავაჭრო ემბარგო, ერთი ათად ზრდის იმის რისკს, რომ პუტინი ანალოგიურად სხვა ქვეყნის წინააღმდეგაც მოიქცევა და თავის დიდი ხნის ნატვრას — საბჭოთა კავშირის აღდგენას ბირთვული შანტაჟით სისრულეში მოიყვანს. ბირთვული პასუხი, ბირთვულ ომს უდრის, (დასავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული ბომბი უკვე NATO-სთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს, რადგან რადიაცია ალიანსის წევრი ქვეყნების მოსახლეობის სიცოცხლესაც შეიწირავს). რჩება ყველაზე რეალისტური ვარიანტი არაბირთვული პასუხი შავი ზღვის ფლოტისა და უკრაინაში შეჭრილი რუსული ჯარების განადგურება, პლუს უკრაინისთვის ბირთვულის გარდა ყველა ტიპის იარაღის გადაცემა. აქამდე კიევისთვის ჯერ არც 300 კმ ან უფრო შორ დისტანციაზე მფრენი რაკეტები მიუწოდებიათ, არც დასავლური ტანკები და არც დასავლური ავიაცია. იარაღის მიწოდების საქმეში რიგი თავშეკავების არაოფიციალურ მიზეზად სწორედ ბირთვული საფრთხე სახელდება.

რუსეთის ბირთვული დოქტრინის თანახმად, უპირობოდ აქვთ ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება თუ იგივე იარაღს მის წინააღმდეგ გამოიყენებენ. ამ ფორმულირებაში უჩვეულო არაფერია, ბუნდოვანი მისი გაგრძელებაა, რა დროსაც მოსკოვი მაშინაც იტოვებს "წითელ ღილაკზე" თითის დაჭერის უფლებას, თუ არაბირთვული თავდასხმის შემთხვევაში მის სახელმწიფოებრიობას შეექმნება საფრთხე. რუსეთში აცხადებენ, რომ ანექსირებულად გამოცხადებული უკრაინის ოთხ ოლქში, 2014 წელს მიტაცებული ყირიმის მსგავსად, იგივე კანონები ვრცელდება. მათი გადმოსახედიდან, ომი 30 სექტემბრის შემდეგ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ე.წ. რეფერენდუმმა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე გაზარდა, მაგრამ არგამოყენების ალბათობა, გამოყენების ალბათობასთან შედარებით ჯერ კიდევ შესამჩნევად მაღალია.

რუსეთისთვის სხვებისთვის იმის დაბრალება რაც თავად ჩაიდინა აპრობირებული მეთოდია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჯერ აფხაზეთში და შემდეგ იჩქერიის რესპუბლიკაში (ჩეჩნეთში) მოწყობილი ფაქტობრივი გენოციდის შემდეგ, 2008 წელს მოსკოვმა თბილისს ეთნიკური ოსების გენოციდი დააბრალა, მალევე თამარაშენში ქართველების მიერ მიტოვებული სახლები ტრაქტორებით მოასწორა. 2022-ში კი არაერთგიზის გაჟღერებული ბირთვული მუქარის შემდეგ ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების მცდელობაში მოსკოვმა კიევი იქეთ დაადანაშაულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განმარტებით, ბრალდება ამჯერადაც უსაფუძვლოა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 ნოემბერს მორიგი განცხადება გაავრცელა. რიტორიკა შერბილებულია, თუმცა კვლავ რჩება ერთი მომენტი — რუსეთზე არაბირთვული თავდასხმა, რომელმაც შეიძლება სახელმწიფოებრიობას შეუქმნას საფრთხე. "სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შექმნა" ინტერპრეტაციის საშუალებას მაინც იძლევა, თუ ბელგოროდში იარაღის საწყობის აფეთქებას მოსკოვი ამ ტიპის საფრთხედ არ მიიჩნევს რას გააკეთებს მაშინ, როცა მიტაცებულ ყირიმზე სახმელეთო შტურმი დაიწყება?

ბირთვულ იარაღზე საუბრისას, ერთი ფატალური შეცდომის, ან შესაძლო დანაშაულის გახსენება აუცილებელია. 1994 წლის დეკემბერში ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე უკრაინამ, ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის საფუძველზე, ბირთვულ იარაღზე ნებით თქვა უარი. გარანტორად მას სამი სახელმწიფო: რუსეთი, ბრიტანეთი და აშშ ჩაუდგა. კიევმა 1 900 ქობინი დათმო. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ისა და რუსეთის გარდა, ყველა სხვა სახელმწიფოს ერთად აღებული ბირთვული არსენალი. ბირთვულ სახელმწიფოს, აქამდე, არასდროს, არავინ დასხმია თავს და რომ არა ბუდაპეშტის მემორანდუმი, შეიძლება ითქვას, რომ იგივეს ვერც პუტინი გაბედავდა.