იმის წარმოდგენა, როგორი იქნებოდა მზის სისტემისა თუ სამყაროს რომელიმე სხვა პლანეტის მონახულება, სამეცნიერო ფანტასტიკის ინტერესს ყოველთვის აღძრავდა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები არსებობენ დედამიწაზე და არა, მაგალითად, მარსზე, გარკვეული მიზეზის გამო: ესაა ერთადერთი ჩვენთვის ცნობილი ადგილი, რომელიც რამდენიმე წუთში ან წუთზე ნაკლებში არ მოგვკლავს.

"ადამიანებს სუნთქვისთვის ჟანგბადი სჭირდებათ. დედამიწის ატმოსფერო დღეს შეიცავს 20% ჟანგბადს. ჟანგბადის გარეშე ადამიანები ასფიქსიით — ჟანგბადის ნაკლებობით — იღუპებიან დაახლოებით შვიდ წუთში", — განაცხადა ჯენიფერ გლასმა, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დედამიწისა და ატმოსფერული მეცნიერებებისა და ბიოლოგიური მეცნიერებების სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა.

მზის სისტემის ნებისმიერ ადგილში საკმარისი ჟანგბადის გარეშე, ცხადია, მალევე მოვკვდებით. ამ კუთხით, პლანეტებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, ჟანგბადის უკმარისობაზე სწრაფად მოგვკლავს თუ არა მათი ტემპერატურა ან წნევა. მოდი, გავარკვიოთ.

მერკური

ფოტო: GIPHY

ფაქტი, რომ მერკური მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი პლანეტაა, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ის არ იქნებოდა ყველაზე სტუმართმოყვარე პლანეტათა შორის. მერკურის მხარეს, რომელიც მზისკენ არის მიმართული, ტემპერატურა იზრდება თითქმის 427 გრადუს ცელსიუსამდე. ამავდროულად, ღამით ტემპერატურა ეცემა, დაახლოებით, -143 გრადუსამდე. ეს იმის გამო ხდება, რომ მერკური ვაკუუმია და თითქმის არ აქვს ატმოსფერო სითბოს შესანარჩუნებლად.

მაშასადამე, ცივ მხარეზე სიკვდილი კოსმოსში სიკვდილის მსგავსი იქნებოდა და, ალბათ, წუთებში დასრულდებოდა, ხოლო ცხელ მხარეზე სიკვდილის შემთხვევაში, თქვენი სხეულიდან მთელი წყალი აორთქლდებოდა და წამებში დაიწვებოდით.

ვენერა

ფოტო: GIPHY

ვენერა თავისი პროპორციებით მზის სისტემის პლანეტებში დედამიწას ყველაზე მეტად ჰგავს, თუმცა მსგავსება ამით სრულდება. ვენერას სქელი ატმოსფერო აძლევს მას სათბურის ეფექტს, რომელიც, NASA-ს თანახმად, მისი ზედაპირის ტემპერატურას ზრდის თითქმის 464 გრადუს ცელსიუსამდე. ამასთანავე, სქელი ატმოსფერო ასევე ნიშნავს, რომ ზედაპირული წნევა მომაკვდინებელი იქნება, რომ აღარაფერი ვთქვათ გოგირდმჟავას ღრუბლებზე.

"სუნთქვის გაძნელებასთან ერთად, წამებში დაიწვებოდით ექსტრემალური სიცხისა და მჟავისგან", — თქვა გლასმა. "სწრაფი სიკვდილი კი იქნებოდა, მაგრამ, ამავდროულად, საშინელიც."

მარსი

ფოტო: GIPHY

მარსს, დედამიწის შემდეგ, მზის სისტემაში ყველაზე მისაღები პირობები აქვს. ზაფხულში ტემპერატურა 21 გრადუსი ცელსიუსია, თუმცა პოლუსებზე -107 გრადუსამდე ეცემა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ მარსის ეკვატორზე რომ ჩამოესვით ვინმეს, გაგიმართლებდათ. წითელი პლანეტის ატმოსფერო თითქმის სუფთა ნახშირორჟანგია, რაც, გარკვეულწილად, მას ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პლანეტად აქცევს სიკვდილისთვის.

"თუ ასფიქსიისას სისხლში ნახშირორჟანგი დაგროვდება, ადამიანი სუნთქვის გაძნელების სტრესულ შეგრძნებას განიცდის გონების დაკარგვამდე და შემდეგ ასფიქსიით მოკვდება", — განმარტა გლასმა. "თუკი სისხლში ნახშირორჟანგის ნაცვლად სხვა აირები — მაგალითად: წყალბადი, ჰელიუმი, აზოტი, მეთანი და ა.შ. — მოხვდება, ადამიანი გონებას წამებში დაკარგავს და, სუნთქვის გაძნელების გარეშე, ნაკლებად მტკივნეულად მოკვდება."

იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი

ფოტო: mapcards.net

მზის სისტემის გაზის გიგანტები ერთადაა დაჯგუფებული, რადგან სიკვდილის პროცესი, ძირითადად, ერთნაირი იქნება, მაგრამ ასევე ცვალებადია იმისდა მიხედვით, პლანეტის რა ადგილზე წახვალთ, რადგან მათ ზედაპირი არ აქვს.

გაზის გიგანტის ცენტრში მოთავსება ნიშნავს მყისიერ სიკვდილს, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან სწრაფი იქნება. მაგალითად, სატურნის ბირთვის ტემპერატურა თითქმის 8316 გრადუსი ცელსიუსია, ხოლო წნევა იუპიტერის ბირთვზე იმდენად მაღალია, რომ მოგეჩვენებათ (თუკი მოასწრებთ მოჩვენებას), თითქოს, სხეულზე 160 000 ერთმანეთზე დაწყობილი მანქანა გადევთ.

ღრუბლებში შეიძლება ოდნავ განსხვავებული გამოცდილება მიიღოთ, მაგრამ — იმავე გარდაუვალი დასასრულით. ტემპერატურა მერყეობს იუპიტერზე -74 გრადუსი ცელსიუსიდან, ნეპტუნზე, დაახლოებით, -166 გრადუს ცელსიუსამდე.

"გაზის გიგანტებს მყარი ნიადაგი არ აქვს, ამიტომ მათში ჩავარდებოდით მანამ, სანამ ძლიერი წნევა არ გაგანადგურებდათ", — აღნიშნა გლასმა. "მათი ატმოსფერო შედგება წყალბადის, ჰელიუმის, მეთანისა და წყლისგან, ხოლო ნახშირორჟანგი მინიმალური რაოდენობითაა; ასე რომ, გაყინვისა და განადგურებისას, ვენერასა და მარსისგან განსხვავებით, სულ მცირე, გონებას უფრო რბილად დაკარგავდით, ჰიპერკაპნიის პანიკის გარეშე."

ამიტომ, თუკი მზის სისტემის რომელიმე პლანეტაზე გასეირნებას გადაწყვეტთ, აჯობებს, კოსმოსური კოსტუმი სახლში არ დაგრჩეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.