2021 წელს ყველაზე მაღალ 2 415 ლარიან (ხელზე ასაღებად 1 893 ლარი) ხელფასს მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულები იღებდნენ, ყველაზე დაბალ 674 ლარს (ხელზე — 528 ლარი) არაკვალიფიციური მუშაკები. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელფასი შემოსავლების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. მისი ზრდის ტემპი პოზიციებისა და სქესის მიხედვით სხვადასხვანაირია.

  • საშუალო ხელფასი მუდმივად იზრდება, მაგრამ ზოგჯერ მას ინფლაცია ასწრებს;
  • 2021 წელს საშუალო ხელფასი 9,6%-ით გაიზარდა, წლის ბოლოს კი ინფლაციამ 13,9%-ს მიაღწია;
  • კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას —ბოლო მონაცემებით, კაცების საშუალო ხელფასი ქალებისაზე 46%-ით მაღალია.

დეტალები: სხვა სფეროებში ხელფასები ასე გადანაწილდა.

  • სპეციალისტ-პროფესიონალები — 1 334 ლარი (ხელზე 1 046 ლარი);
  • საშუალო — 1 305 ლარი (1 023 ლარი);
  • ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები — 1194 ლარი (936 ლარი);
  • ხელოსნები — 1 139 ლარი (893 ლარი);
  • ოფისის დამხმარე პერსონალი — 1145 ლარი (898 ლარი).

ყველაზე დაბალი ხელფასები შემდეგ სამ სფეროში დაფიქსირდა:

  • მომსახურება და გაყიდვები — 912 ლარი (715 ლარი);
  • სოფლის მეურნეობა — 792 ლარი (621 ლარი);
  • არაკვალიფიციური მუშახელი — 674 ლარი (528 ლარი).

ხელფასებს შორის სხვაობა სქესის ნიშნითაც გამოიკვეთა. 2021 წელს კაცების საშუალო ხელზე ასაღებმა ხელფასმა 1 206 ლარი შეადგინა, ქალების ხელფასმა — 828 ლარი.

  • კაცების საშუალო ხელფასმა ქალების საშუალო ხელფასს თითოეულ სფეროში გადააჭარბა.

გასათვალისწინებელია, რომ დასაქმებულთა უმრავლესობის ხელფასი საშუალოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

  • საქსტატიც ცნობით, 2021 წელს ხელზე ასაღებმა მედიანურმა ხელფასმა 705 ლარი შეადგინა — საშუალოსთან შედარებით 318 ლარით ნაკლები.