ჩინელი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც მან კიბორჩხალა ცოცხლად შეჭამა. 39 წლის ლუ საავადმყოფოში ზურგის ძლიერი ტკივილის გამო მიიყვანეს და პაციენტმა გაიხსენა, რომ ორი თვის წინ კიბორჩხალა ცოცხლად გადაყლაპა.

"როცა მდინარესთან ვიყავით, კიბორჩხალამ ჩემს პატარა გოგოს უჩქმიტა, ამიტომ გავბრაზდი და შურისძიების მიზნით შევჭამე", — განაცხადა პაციენტმა. ექიმის თქმით, ლუმ ეს ფაქტი მას შემდეგ გაიხსენა, რაც ცოლმა ინციდენტის შესახებ ექიმებს უამბო. "პაციენტის ღვიძლში, მუცლის ღრუსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში პათოლოგიური ცვლილებები აღინიშნება", — აცხადებენ ლუს ექიმები.

ლუს სისხლის ანალიზებით პარაზიტული ინფექცია დაუდგინდა, რაც კიბორჩხლის ცოცხლად შეჭმით იყო გამოწვეული. მართალია, პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა დაკვირვების მიზნით, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში რჩება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ზოგ რეგიონში კიბორჩხალას უმად ხშირად ჭამენ, თუ ის ალკოჰოლშია დამარინადებული. ჩინეთის მთავრობა კი მოსახლეობას უმი კიბორჩხლის ჭამას არ ურჩევს, რადგან პარაზიტების განადგურების 100%-იან გარანტიას არც ალკოჰოლში დამარინადება იძლევა.