სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ (მთლიანი შიდა პროდუტი) 8,8%-ით, იანვარ-სექტემბერში კი 10,2%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მშპ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარი მაჩვენებელია.

  • ეკონომიკური ზრდის პარალელურად სექტემბერში სამომხმარებლო ფასები 11,5%-ით გაიზარდა;
  • სურსათი საშუალოზე მეტად — 17,6%-ით გაძვირდა;
  • მოსახლეობის ნაწილისთვის ფასები შემოსავლებზე მეტად გაიზარდა, რამაც ისინი გამდიდრების მაგივრად გააღარიბა.

დეტალები: სექტემბერში ეკონომიკური აქტიობა გაიზარდა ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა:

  • ტრანსპორტი და დასაწყობება;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია;
  • მშენებლობა;
  • სასტუმროები და რესტორნები;
  • დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

გარდა ამისა: ექსპორტი 9 თვეში 37,4%-ით $4,097 მილიარდამდე გაიზარდა,

  • იმპორტი 34,4%-ით $9,515 მილიარდამდე;
  • სავაჭრო ბრუნვა (იმპორტისა და ექსპორტის ჯამი) 35,3%-ით $13,612 მილიარდამდე.

ასევე: ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა სექტემბერში 71,3%-ით 7 131-მდე გაიზარდა,

  • დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი — 19,5%-ით 11,571 მილიარდ ლარამდე.