სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს პროაქტიული და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საუბარია ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე.

  • ბოლო პერიოდია, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უცხო პირები სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში, სხვადასხვა მეთოდით, ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებასა და სატრანსპორტო საშუალებით მათთან ერთად გადაადგილებაზე დაყოლიებას ცდილობენ.

დეტალები: ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია, ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე უცხო პირთა გადადგილება მკაცრად გაკონტროლდეს.

  • ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს.
  • "საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვებსა და მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში, საფრთხისგან თავის არიდების რა მექანიზმები არსებობს და ვის უნდა დაუკავშირდნენ";
  • "საზოგადოებამ მსგავსი ფაქტების შემჩნევის შემთხვევაში გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დროულად მიმართოს სამართალდამცავებს, მათ შორის, დააფიქსიროს შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში "112-ში", — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს, ცხელ ხაზზე — 1481.