თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთმა წამყვანმა ბრენდმა ბალენსიაგამ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის შავი ქურთუკი წარადგინა, რომელიც სოკოსგან მიღებული ტყავის შემცვლელითაა დამზადებული. ქურთუკის ღირებულება 9 ათას ევროს აღწევს.

ინოვაციური პროდუქტის შესაქმნელად ბალენსიაგამ იტალიური ბიოტექნოლოგიური ფირმის, SQIM-ის, წარმოებული მასალა Ephea გამოიყენა. ეს მასალა სოკოს ძირეული სტრუქტურისგან, მიცელიუმისგან, მზადდება. ამ ტექნოლოგიით მიღებულ ტყავის შემცვლელს უკვე იყენებს რამდენიმე სხვა ცნობილი ბრენდიც, თუმცა, ბალენსიაგასთვის ეს მიცელიუმისგან დამზადებული პირველი ნამუშევარია.

ფოტო: Balenciaga

ქურთუკის დიზაინერი, რა თქმა უნდა, ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი და მოდის ქართველი დიზაინერი, დემნაა. სამოსი კი უკვე გამოჩნდა გასაყიდად ბალენსიაგას მაღაზიებში მსოფლიო მასშტაბით. როგორც ბრენდში აცხადებენ, Ephea-ის სამომავლოდ გამოყენებაზეც ფიქრობენ.

"ბალენსიაგას გუნდები გამუდმებით იკვლევენ და განიხილავენ სხვადასხვა იდეას, როგორ შემცირდეს კომპანიის გავლენა გარემოზე და როგორ ვუბიძგოთ სხვებს, მსგავსად მოიქცნენ", — წერია ბრენდის გავრცელებულ განცხადებაში.

ბალენსიაგაში ამატებენ, რომ ბრენდების ვალდებულებაა, "იპოვონ გზა პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად".

ამ მიზნით, კომპანიის მფლობელმა და მოდის ინდუსტრიის გიგანტმა Kering-მა ჯერ კიდევ გასულ წელს გადაწყვიტა, ბეწვეულის გამოყენება თავისი ყველა ბრენდის წარმოებაში შეეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, როგორ შეიძლება ბრენდების საქმიანობა უფრო ეკომეგობრული გახდეს, მაღალი მოდისა და სამოსის ინდუსტრიაში კი ცოცხალი და მგრძნობიარე არსებებისგან დამზადებული მასალები შეიცვალოს. ეს ეხება როგორც ტყავს, ასევე ბეწვეულსა და მატყლს. შარშან ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ბეწვეულით ვაჭრობა აკრძალა.