საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა თიბისი ორ ნომინაციაში საუკეთესო ბანკად დაასახელა. Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოება SME Bank Awards 2023-ზე თიბისიმ ჯილდო შემდეგ კატეგორიებში მოიპოვა: საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საქართველოში.

თიბისიმ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, დაჯილდოებაზე კონკურენცია 70-მდე ქვეყნიდან შერჩეულ ბანკებს გაუწია და საუკეთესოს ტიტულიც დაიმსახურა. რაც შეეხება თავად Global Finance-ს, ჟურნალი 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია, მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.

"ეს მიღწევა, ზოგადად, თიბისის მუშაობის კულტურისა და ჩვენი დასახული მიზნების დამსახურებაა. ჩვენი მიზანია, ყველა ზომის ბიზნესებისთვის სანდო პარტნიორი და მხარდამჭერი ვიყოთ. ამისთვის ჩვენ ვქმნით სხვადასხვა პროდუქტსა და გადაწყვეტებს ბიზნესის განვითარების ნებისმიერი ეტაპისთვის. ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნეს კომუნის განვითარებას, სხვადასხვა ინიციატივითა და პროგრამით. ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ ჩვენს მიზანს ძალიან კარგად ვასრულებთ", — ამბობს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, თორნიკე გოგიჩაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თიბისი უკვე 30 წლისაა და ამ გრძელი და შრომატევადი გზის განმავლობაში ბანკს არაერთი ჯილდო მიუღია. თორნიკეს თქმით კი, Global Finance-ის ჯილდო თიბისის მრავალრიცხოვანი პროექტისა და ხარისხიანი პროდუქტების მორიგი აღიარებაა, რომელთა საშუალებითაც ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს.

"მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს. შესაბამისად ამ მიმართულების განვითარება, ქვეყნის განვითარებას ნიშნავს. ეს ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია", — განაცხადა თორნიკე გოგიჩაიშვილმა.

უკვე წლებია, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებს არაერთ ინიციატივას სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ინიციატივაა ბიზნესდაჯილდოება, რომელიც უკვე მე-5 წელია ტარდება. თიბისის ბიზნესდაჯილდოება საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაციასა და ბიზნეს სოციუმის განვითარებას ემსახურება.

ფოტო: თიბისი

ბიზნესდაჯილდოება ყოველწლიურად საზოგადოებას სხვადასხვა კომპანიის წარმატების ისტორიებს აცნობს. თორნიკე გოგიჩაიშვილის თქმით, 7 წლის განმავლობაში დაჯილდოების პლატფორმამ 3000-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.

თიბისიმ 2017 წელს საქართველოში დამწყები ბიზნესების დაფინანსება დაიწყო და პროგრამა სტარტაპერი შექმნა. პროგრამა სტარტაპერის მიზანი ქვეყანაში სტარტაპების მხარდაჭერა და ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა. ამ დრომდე სტარტაპერებზე სესხის სახით გაცემულია 315 მილიონ ლარზე მეტი. 5 წლის განმავლობაში თიბისის სხვადასხვა მხარდაჭერით უკვე 55 000-ზე მეტმა დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა.

გარდა დაფინანსებისა, პროგრამა სტარტაპერი ახალი კავშირების დამყარებას, მარკეტინგულ და საკომუნიკაციო მხარდაჭერას და მრავალ სხვა ინდივიდუალურ, სტარტაპის საჭიროებაზე მორგებულ სერვისს გულისხმობს. თუმცა გარდა ამ პროგრამებისა, ბიზნესგანათლებაც თიბისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ფოტო: თიბისი

"ჩვენ გვაქვს ყველაზე მსხვილი ბიზნეს განათლების პროგრამა, რომელიც 8 წელზე მეტია მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში ჩატარდა 1000-ზე მეტი ლექცია, დამსწრეების რაოდენობამ კი 30 000-ს გადააჭარბა. წელიწადში რამდენჯერმე ჩვენ გავდივართ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ადგილობრივ ბიზნესს ვესაუბრებით მათთვის რელევანტურ თემებზე, ბიზნეს ფორუმების ფორმატში ამას ვაკეთებთ სხვადასხვა დარგის კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად", — ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი.

თიბისი როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის ცხოვრებისა და საქმიანობის გამარტივებაზე ზრუნავს, რაც პირველ რიგში ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება. ასევე უნდა აღინიშნოს, Global Finance-ის მიერ თიბისის ბიზნეს ონლაინ პორტალი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა მომხმარებლის გამოცდილების კუთხითაც.

"ერთი წლის წინ ჩვენს ფილიალებში გამოჩნდა ახალი პროფესიის ადამიანი — ბიზნეს გიდი, რომელიც ფილიალში მისულ ნებისმიერ მომხმარებელს, იქნება ეს თვითდასაქმებული, სტარტაპერი, მცირე თუ საშუალო მეწარმე, აცნობს საბანკო და არასაბანკო პროდუქტებსა თუ პროცესებს, რაც მათ საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში ეხმარება. ჩვენ ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის ჩვენს ფილიალებში დავნერგეთ ბიზნესის რეგისტრაცია, ანუ შესაძლებელია თიბისის ფილიალებში არა მარტო თქვენი კომპანიის ფინანსური საკითხები მოაგვაროთ, ანგარიშები გახსნათ და ა.შ. არამედ დაარეგისტრიროთ კომპანია და დაიწყოთ საქმიანობა", — განაცხადა თორნიკე გოგიჩაიშვილმა.

იმისათვის, რომ მომხმარებლებს ყოველდღიური ბიზნეს საქმიანობა გაუმარტივდეს, თიბისის გუნდი თანამედროვე პროდუქტებსა და სერვისებზე მუშაობას აგრძელებს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებასაც და თიბისის გუნდი სამომავლოდ არაერთ ახალ ინიციატივას გვპირდება.