უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში დონეცკის რეგიონში, ქალაქ ბახმუტის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინელები გმირულად აგრძელებენ ტერიტორიის დაცვას.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბახმუტი უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქების, სლოვიანსკისა და კრამატორსკის გზაზეა.

  • მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უკრაინისათვის წინააღმდეგობის გაწევა სხვა ფრონტზე უჭირს, ბახმუტში რუსეთის სამხედრო ძალები გარკვეულ წარმატებას აღწევენ.

რას ამბობს ზელენსკი: პრეზიდენტის თქმით, ინტენსიური თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელები გამუდმებით ანადგურებენ მტრის ინფრასტრუქტურას და "მთელი უკრაინისთვის სასიხარულო ამბებს ამზადებენ".

  • "რუსული ტაქტიკა აღმოსავლეთ ფრონტზე "გიჟურია", — ამბობს ზელენსკი.
  • "საარტილერიო დარტყმების უდიდესი კონცენტრაცია სწორედ ბახმუტისკენაა მიმართული"

რიცხვები: რუსმა სამხედრო მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ბახმუტში ნელი პროგრესი აქვთ.

  • უფრო კონკრეტულად, რუსი ჯარისკაცები დღეში 100-200 მეტრით მიიწევენ წინ.
  • უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, არესტოვიჩის ინფორმაციით, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში რუსულმა ძალებმა 8 დამოუკიდებელი შეტევა განახორციელეს ბახმუტზე, და ყოველ ჯერზე უკან დახევა მოუწიათ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ქალაქის აღება რუსებისთვის სიმბოლური გამარჯვება იქნებოდა.

  • ქალაქს თავისთავად მცირე სამხედრო ღირებულება აქვს, მაგრამ დაცემის შემთხვევაში, ის სხვა ქალაქებს დააბრუნებს რუსული არტილერიის გავლენის ფარგლებში.
  • ბახმუტის აღება დაეხმარება რუსებს, "უკან დახევის" ნარატივი შეცვალონ.

ბახმუტი, რომელიც დონეცკის რეგიონში მდებარეობს თვეების განმავლობაში რუსული თავდასხმების ცენტრია.

  • ქალაქში ომამდე 70 000 ადამიანი სახლობდა.
  • მაცხოვრებელთა უმეტესობამ უკვე ქალაქი დატოვა.
  • დარჩენილები ძირითადად მოხუცები და პენსიონერები არიან, რომლებიც წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობენ.