დღესდღეობით, დიდი კომპანიები გეიმინგის სექტორიდან გამოსვლას ცდილობენ, TikTok-ს კი, პირიქით, შესვლა აქვს გადაწყვეტილი.

Financial Times-ის მოხსენების მიხედვით, TikTok-ის აპლიკაციას მალე გეიმინგისათვის განკუთვნილი ფანჯარა დაემატება, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს, რომ მობილურისათვის განკუთვნილი თამაშებით გაერთონ. ამ თამაშებს თანდართული ექნება რეკლამები, მოთამაშეებს კი დამატებითი კონტენტისათვის ფულის გადახდა შეეძლებათ.

კომპანიამ თამაშების ტესტირება თავდაპირველად მაისში, ვიეტნამში დაიწყო. ორი ინსაიდერის ცნობით, მომსახურების ევროპელ მოდერატორებს დაევალათ, თამაშები გაშვებამდე შეემოწმებინათ.

სავარაუდოდ, სიახლე 2 ნოემბერს გამოცხადდება, როცა TikTok პირველ "გლობალურ გეიმინგ ღონისძიებას" მასპინძლობს სახელწოდებით "TikTok Made Me Play It".

"გეიმინგის მომავალი აქ არის — და ეს TikTok-ზე ხდება. წამყვანი კომპანიები უშვებენ თამაშებს ჩვენს პლატფორმაზე, ქმნიან საზოგადოებებს და ახალისებენ გართობის მსურველი აუდიტორიის მიერ თამაშების აღმოჩენას", — ვკითხულობთ ღონისძიების ვებსაიტზე.

TikTok-ის ზოგ კონკურენტს გეიმინგ სფეროში ასე არ გაუმართლა. მაგალითად, Snapchat-მა თამაშები 2019 წელს აამოქმედა, თუმცა სულ რამდენიმე თვეში დახურა ეს პლატფორმა. ხოლო თავისი ლეგენდარული და ერთ დროს ძალიან პოპულარული გეიმინგ პლატფორმის დახურვას Facebook ხვალ, 28 ოქტომბერს აპირებს.

არ ვიცით, გაიზიარებს თუ არა "კოლეგების" როლს TikTok, თუმცა, ფაქტია, წარმატების შემთხვევაში, ის იმაზე ბევრად უფრო მეტ დროს მოგვპარავს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.