მეცნიერებმა თავიანთ ახალ კვლევაში გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ტექნოლოგიურად განვითარებული არამიწიერი ცივილიზაცია ჩვენი მზის ხანმოკლე სიცოცხლის გამო არ გვწვეოდა და შიდაგალაქტიკური ბაზის შესაქმნელად სხვა ტიპის ვარსკვლავებზე შეეჩერებინა არჩევანი.

1950 წელს მეცნიერებმა ენრიკო ფერმიმ და მაიკლ ჰარტმა დრეიკის განტოლება, ანუ ჩვენი გალაქტიკის ფარგლებში არსებული ცივილიზაციების რაოდენობის შესახებ მათემატიკური ალბათობა განიხილეს. მკვლევრებმა გააანალიზეს, რატომ არ დაგვიმყარებია მათთან კონტაქტი, თუკი ასეთი უცხოპლანეტელები მრავლად არსებობენ. ამას ფერმის პარადოქსი ეწოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ჰარტი ამ პარადოქსს უფრო ჩაუღრმავდა და ივარაუდა, რომ შესაძლოა, განვითარებულ არამიწიერ ცივილიზაციებს უახლოეს 100 ვარსკვლავზე კოსმოსური ხომალდები გაეგზავნა და ეს პროცესი იქამდე გაემეორებინა, სანამ მთელ გალაქტიკას არ აითვისებდა.

მისი გამოთვლებით, ირმის ნახტომის გადაკვეთას სულ რაღაც 650 000 წელი დასჭირდებოდა (სათანადო ტექნოლოგიით), რაც ნიშნავს, რომ ისინი, წესით, ჩვენ უკვე უნდა გვწვეოდნენ. შესაბამისად, მეცნიერმა დაასკვნა, რომ, რადგან მათგან არაფერი ისმის, ესე იგი უბრალოდ არ არსებობენ.

თუმცა, იქნებ პრობლემა ჩვენს მზეშია?

ფოტო: NASA

სწორედ ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება ახალი ნაშრომის ავტორებმა. ისინი აღნიშნავენ, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკაში ყველა მნათობი ერთნაირი არაა, ანუ უცხოპლანეტელებს დიდი არჩევანი აქვთ, თუ სად დააარსებენ თავიანთ კოლონიებს.

2021 წლის სხვა კვლევაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ყველაზე მომგებიანი მათთვის K და M ტიპის, დაბალი მასის მქონე ვარსკვლავები იქნებოდა, რომელთა სიცოცხლეც ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე ისეთი ყვითელი ჯუჯების, როგორიც მზეა. გამოდის, რომ ამ სისტემამდე მოსვლაში ისინი რესურსებს არ დახარჯავდნენ, რადგან ჩვენი მნათობი მალე მოკვდება, თუნდაც ამაში მილიონობით წელი იგულისხმებოდეს.

მკვლევართა განცხადებით, დაბალი მასის ყველა ვარსკვლავამდე მისაღწევად დაახლოებით 2 მილიარდი წელი საკმარისი იქნებოდა, რასაც შეიძლება ამჟამად მრავალი ცივილიზაცია ცდილობდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ არ დაგვიფიქსირებია, ავტორთა აზრით, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ და მათი კვალის ძიება განვაგრძოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.